23 აპრილი 2024,   23:20
ვრცლად
"თუ ლავასოღლი გათავისუფლდა, პირდაპირი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას" - რომან გოცირიძე

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის შესახებ ოპოზიციურ სპექტრში შეფასებებს აკეთებენ. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ლავასოღლის ექსტრადირება არ სურს.

"საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ლავასოღლის ექსტრადირება, ვინაიდან ის შეგნებულად არ აგზავნის შესაბამის საბუთებს. ხელისუფლების კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან საარჩევნოდ მათი გამოყენების მიზნით აშკარად იკვეთება და თუ ლავასოღლი გათავისუფლდა, პირდაპირი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების"  წევრის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით კი, "ქართულმა ოცნებამ" ის პრაქტიკა, რომ კანონიერი ქურდების ექსტრადაცია არ მოითხოვოს, "ნაციონალური მოძრაობისგან" გადმოიბარა. 

"ეს პრინციპი "ქართულმა ოცნებამ" კარგად გადმოიბარა "ნაციონალური მოძრაობისგან". არც ინისი არ ითხოვდნენ ხოლმე  კანონიერი ქურდების ექსტრადაციას. ჩვენ წინასწარ ვერ ვიტყვით, ვისზე იმუშავებს ლავასოღლი. ვინც გადაუხდის ალბათ უფრო მეტს, იმაზე იმუშავებს," - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე, იგივე მინდია ლავასოღლი, შესაძლოა მალე ციხიდან გაათავისუფლონ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, ლავასოღლის პატიმრობის ვადა თებერვალში ეწურება, ხოლო თუ ქართული მხარე მის ექსტრადირებაზე უარს იტყვის, ანკარას მოუწევს დაკავებული გაათავისუფლოს. ლავასოღლი უკვე 15 თვეა თურქეთის ციხეშია.

დღის ამბები