20 აპრილი 2024,   15:05
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებისას, დაკავებულის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული "გირჩის" ბორდის წევრის, იმედა კლდიაშვილის საქმე ერთად განხილულიყო, რის გამოც, დღევანდელი სხდომა გაერთიანებული წესით მიმდინარეობს.

"მე და "გირჩის" მმართველი საბჭოს ერთ-ერთი წევრი, დაკავებულები ვართ პარლამენტის პიკეტირებისას. სხდომები ყოველ ნახევარ საათშია ჩანიშნული, ამიტომ მოლოდინი მაქვს, რომ ამაში მთელ დღეს დამაკარგვინებენ. 

საერთოდ მგონია, რომ ამ პროცესებს იყენებენ იმისათვის, რომ მწყობრიდან ამოგაგდონ, გაწვალონ და ნერვები მოგიშალონ. ჩემს შემთხვევაში, საერთოდ არ წერია სად დამაკავეს. სრულ ბოდვაში არიან. საბოლოო ჯამში, ყველაფერი კლოუნადა და მასკარადია, მთივლიშვილი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც უკვე აქვს მიღებული,"- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს დააკავეს. გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

დღის ამბები