25 აპრილი 2024,   01:59
ვრცლად
დაიკავებს თუ არა მეორედ გენერალური პროკურორის თანამდებობას ირაკლი შოთაძე - ვაკანსიაზე წარდგენის ვადა ამოწურულია 

ვადა ამოწურულია - რეგისტრაცია პროკურორობის 17-მა კანდიდატმა გაიარა. გენერალური პროკურორობისთვის 14 კაცი და 3 ქალი იბრძვის. კანდიდატებს შორის მოქმედი და ყოფილი ადვოკატები და სამართლის პროფესორები არიან. ამ შემადგენლობიდან საპროკურორო საბჭომ პარლამენტში წარსადგენად 3 უნდა აარჩიოს.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ჯერ არც კი დაწყებულა, ეჭვი არავის ეპარება, რომ გენერალური პროკურორის სავარძელს ისევ ირაკლი შოთაძე დაიკავებს. ყოფილი მთავარი ბრალმდებელი ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მასთან შეთანხმებით წარადგინა.

ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ შოთაძე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საკუთარი სურვილით წარადგინა. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" პროკურატურის კიდევ უფრო პოლიტიზირება სურს და უწყებაში შოთაძის დაბრუნება სახელისუფლებო ჯგუფის გავლენის გაძლიერებას ნიშნავს.

ყოფილი გენერალური პროკურორის მეორედ დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. მესამე სექტორმა საპროკურორო საბჭოს დღეს სპეციალური წერილით მიმართა და შოთაძის კანდიდატურის ჩაგდებისკენ მოუწოდა.

თუ შოთაძის კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება, "ქართული ოცნების" წევრები ღიად ამბობენ, რომ ყოფილ პროკურორს მათი სრული მხარდაჭერა ექნება.

დღეს ირაკლი შოთაძის პროფესიონალიზმზე აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირებიც საუბრობდნენ.

მომავალი კვირიდან საპროკურორო საბჭო კანდიდატების განხილვას შეუდგება, ერთ თვეში კი 3 რჩეული პარლამენტს წარედგინება. დეპუტატების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ქვეყნის პირველი პროკურორის ვაკანტურ თანამდებობას დაიკავებს.

დღის ამბები