19 აპრილი 2024,   18:33
ვრცლად
254 ჯარიმა და 75 გაფრთხილება - პროკურატურამ ერთი თანამდებობის პირის დეკლარაციის საქმის შესწავლა დაიწყო

საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშის მიხედვით, ქონებრივი მდგომარეობის ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ საჯარო მოხელეების ნაწილმა არასწორი ინფორმაცია დაადეკლარირეს, ნაწილმა კი საჭირო მონაცემები საერთოდ არ ჩაწერა. ამის გამო, საჯარო მოხელეებს ჯარიმების გადახდაც მოუწიათ. 31 დეპუტატიდან უმეტესობამ, უკვე დააკორექტირა შევსებული მონაცემები და შესაბამის სამსახურშიც გადააგზავნა

დაჯარიმებულთა შორის იყვნენ ისეთი დეპუტატებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დაშვებული შეცდომები ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების სირთულეებს უკავშირდება და აუცილებელია წესების გამარტივება.

რა ხარვეზები დაფიქსირდა დეკლარაციაში და რის გამო დააჯარიმეს - ეკონომიკის მინისტრს დღეს ამაზე განმარტებები არ გაუკეთებია. ნათია თურნავა და მისი ორი მოადგილე დამრღვევთა სიაში მოხვდნენ. საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, ქონებრივი დოკუმენტი არასწორად მოსამართლეებმაც შეავსეს, მათ შორის, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არიან.

გამოსწორებადი ხარვეზების გარდა, იყო ისეთი შეცდომებიც, რომლებიც საგამოძიებო უწყებაში შესწავლის საფუძველიც კი გახდა. მთავარმა პროკურატურამ ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის დეკლარაციის საქმის შესწავლა უკვე დაიწყო. 

პერსონალური ინფორმაციიდან გამომდინარე, უწყებებში არ აკონკრეტებენ, რომელმა საჯარო მოხელემ დამალა ქონებრივი ინფორმაცია.

254 ჯარიმა, 75 გაფრთხილება - ეს 2019 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეების დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებია. საჯარო სამსახურის ბიურომ სულ 596 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა, 237 დადებითად შეფასდა. მონიტორინგი შეწყდა 27 პირზე. შემოწმებულთა შორის იყვნენ საიდუმლო თანამდებობაზე დასაქმებულებიც. გააფრთხილეს 6, დაჯარიმდა 19 პირი.

საჯარო სამსახურის ბიუროში ამბობენ, რომ წელს ქონებრივი დოკუმენტის შევსების სიზუსტის ტენდენცია გაუმჯობესებულია.

დღის ამბები