25 აპრილი 2024,   06:01
ვრცლად
საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკებების რაუნდი თვის ბოლომდე უნდა გაიმართოს

საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკებების რაუნდი თვის ბოლომდე უნდა გაიმართოს. კონკრეტული თარიღი უცნობია.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია და ახლა პარტიები ხელისუფლებისგან შეთავაზებაზე პასუხებს ელოდებიან.

"ჩვენ მზად ვართ, ამ რაუნდშიც მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენი ამოცანა ამ მოლაპარაკებებში არის ის, რომ პროპორციულისკენ დაიძრას რეფორმა. ანუ, ყველა შემოთავაზებას, რომელსაც ხელისუფლება ვითომ აკეთებს, იქნება ეს 100/50-ზე თუ ბარიერის დაწევა, ჯამში, ამას არაფერი საერთო პროპორციულ არჩევნებთან არ აქვს, ამიტომ ჩვენი ამოცანა არის პროპორციული არჩევნები. თუ ივანიშვილი საბოლოოდ ამაზე უარს ამბობს, მაშინ მიიღებს შესაბამის რეაქციას, როგორც პოლიტიკური სპექტრისგან, ასევე საზოგადოებისგან არჩევნებზე," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი შეხვედრიდან მნიშვნელოვან შედეგებს არ ელოდება. მისი განმარტებით, მმართველმა გუნდმა საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეკომენდაციები უნდა გაიზიაროს.

პოზიციას არ ცვლის არც ხელისუფლება, რომელმაც ოპოზიციას საკუთარი წინადადება, 100-50-ზე შესთავაზა.

"ფორმულას, რომელსაც გვთავაზობენ, მითუმეტეს იმ განწყობებით, რომლსაც ვხედავთ, რასაკვირველია დამანგრეველი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს სტაბილურობისათვის. ჩვენი შეთავაზება არის გონივრული და ორიენტირებული ქვეყნის კეთილდღეობისაკენ. ამ პროპორციულ ნაწილში, ან თუნდაც მაჟორიტარულ ნაწილში რაღაც შეთავაზებები აქვს ოპოზიციას, ესეც უნდა განვიხილოთ. ძალიან მნიშვენლოვანია,  რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც მონაწილეობს ამაში," - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

პარალელურად ოპოზიცია ამბობს, რომ არ წყვეტს საპროტესტო ტალღას და აქციები ისევ განახლდება.

დღის ამბები