19 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
უწყლოდ დარჩენილი სოფელი - ნინოწმინდაში საკრებულოს თავმჯდომარესთან დაწყებული დაპირისპირება, შესაძლოა, აქციებში გადაიზარდოს

ნინოწმინდაში საკრებულოს თავმჯდომარესთან, სუმბატ კიურიღიანთან დაწყებული დაპირისპირება შესაძლოა, მოსახლეობის მასობრივ საპროტესტო აქციებში გადაიზარდოს. 300 კომლიანი ოჯახი 6 წელია, სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. პრობლემის მოსაგვარებლად თანხა სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია, ხალხმა ფული თავადაც შეაგროვა, მაგრამ ერთადერთი, ვის სახლშიც დღეს წყალი ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოდის, ეს საკრებულოს თავმჯდომარეა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ძირითადი პრობლემის მოგვარებას არ ხმარდება. მოსახლეობას განსაკუთრებით ზამთრის თვეების გადატანა უჭირს. სოფელში ამბობენ, რომ სასმელი წყალი მხოლოდ მაშინ აქვთ, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკუთარ აგარაკზე დასასვენებლად ჩადის.

სოფელ გორელოვკის მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას თავად შეეცადა და სასმელი წყლის მთავარ გამანაწილებელზე წყლის მილის დაერთება სცადა, რასაც საკრებულოს თავმჯდომარეს და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, წყალი სოფელს სუმბატ კიურეღიანმა შეუწყვიტა და სასმელის წყლის დიდი ნაწილი საკრებულოს თავმჯდომარის კუთვნილ ფერმაში მიედინება.

სოფელში დაპირისპირების განსხვავებულ ვერსიას ჰყვება "კურიერთან" თავად საკრებულოს თავმჯდომარე. საჯარო მოხელე ამბობს, რომ წყლის მილი ადგილობრივ მცხოვრებლებს, გვარად ჩაფიანიანებს აქვთ გადაკეტილი და როდესაც ეს ინფორმაცია მოსახლეობას მიაწოდა, ჩაფინიანებმა სახლში მიაკითხეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტის დროს 2 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, მათ დაზიანებები თავისა და სახის მიდამოებში აღენიშნებოდათ. ექიმებმა ჩხუბში მონაწილე პირები სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაწერეს. მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჩაფინიანები სოფელში არ გამოჩენილან. გორელოვკის მოსახლეობა კი ინციდენტის შემდეგაც წყლის გარეშეა დარჩენილი.

შსს ნინოწმინდის მუნციპალიტეტში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს . მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამცხე- ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურიღიანი უკვე გამოიკითხა.

დღის ამბები