პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულმა ვახტანგ რობაქიძემ საპატიმრო გირაოს - 7 ათასი ლარის გადახდის შემდეგ დატოვა.
"კურიერთან" საუბრის დროს რობაქიძე ამბობს, რომ მან თანხა გადაიხადა, თუმცა ბრალს არ აღიარებს და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ის ამტკიცებს, რომ ბაკურიანში 14 იანვარს მომხდარი ინციდენტის დროს მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და კაფეში ვიდეოჩანაწერების ამოღების აუცილებლობაზე საუბრობს.
რობაქიძე იმასაც ამბობს, რომ პოლიციაში მასზე სამართალდამცველებმა ფიზიკური და მორალური ზეწოლა განახორციელეს.
"მე არ შემიმჩნევია, რომ ოჯახთან ერთად იყო. უბრალოდ დავინახე, თვალი თვალში გავუსწორეთ ერთმანეთს. მივმართე, რომ ქვეყნის გამყიდველია. ეს ორი სიტყვა იყო სულ. იქიდან წამოვიდა გინება, ამას ჩემგანაც საპასუხოდ აგრესია მოჰყვა. ეს გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში, რაც, დაახლოებით, გაგრძელდა ორი წუთის განმავლობაში. ინციდენტი დასრულდა იმით, რომ ანრი ოხანაშვილმა ბავშვებთან და ქალბატონთან ერთად დატოვა დაწესებულება. გასასვლელიდან მომაძახა, "მე შენ გაჩვენებ ვინ ვარ და გაჩვენებ ვინ არის ქვეყნის მოღალატე". მე არც მიმალვა მიცდია, პოლიციის განყოფილებაში მისვლისთანავე განხორციელდა ჩემზე ფიზიკური ძალადობა, იყო მორალური ზიანი. მუცლის არეში ხელი დამარტყა პიროვნებამ.
იმ დაწესებულებაში იყო სათვალთვალო კამერა დამონტაჟებული. დღესდღეობით ის იქ არ არის. ყველაზე მარტივი სურათი საზოგადოებისთვის იქნებოდა, სათვალთვალო კამერები რომ ამოეღოთ," - განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.
აღნიშნულზე სახელმწიფო ინიპექტორმა მოკვლევა უკვე დაიწყო. ბრალდებულს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პირველ ეტაპზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით, ბრალი დაუმძიმდა და მას უკვე მუქარასა და ხულიგნობას ედავებიან.