24 აპრილი 2024,   03:15
ვრცლად
ამოუცნობი ვირუსის 139 ახალი შემთხვევა ბოლო 2 დღეში - ჩინეთში დაავადებულთა რაოდენობამ ორასს გადააჭარბა

ჩინეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში ამოუცნობი ვირუსის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაავადებულები ამჯერად ქალაქ უჰანის გარდა პეკინსა და შენჟენშიც არიან.

ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 200-ს აჭარბებს, რესპირატორული დაავადებით სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ახალი კორონავირუსი უჰანში პირველად დეკემბერში დაფიქსირდა, ახლა კი დაავადების ორი შემთხვევა ტაილანდში, ერთი კი - იაპონიაში დაადგინეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მეტია.

კვირა საღამოს მონაცემებით, უჰანში, კლინიკებში ვირუსის დიაგნოზით 170 ადამიანი მკურნალობს, 9 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

პეკინის საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით ორი ადამიანი მოათავსეს, ორივე მათგანი უჰანში იმყოფებოდა და მათ მდგომარეობას სწორედ ვირუსს უკავშირებენ.

შენჟენში ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა 66 წლის მამაკაცს, რომელიც ასევე უჰანში იმყოფებოდა ნათესავების მოსანახულებლად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ვირუსის წყარო ცხოველია. ამასთან, შემთხვევების გაზრდას დაავადებასთან დაკავშირებულ კვლევებს უკავშირებენ.

ჩინეთის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ვირუსის პრევენცია და კონტროლი ჯერ კიდევ შეიძლება, თუმცა ვირუსის გადაცემისა და მუტაციის მეთოდები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები