20 აპრილი 2024,   11:32
ვრცლად
მზადდება თუ არა ახალი მავთულხლართებისთვის ტერიტორია - ხეებზე დატანილი ნიშნები სოფელ ჩორჩანას ტყეში  

სოფელი ჩორჩანა მედიისთვის დღეს დაკეტილი აღმოჩნდა. ქართული პოლიცია მედიას არათუ სოფელში, არამედ  მის მიმდებარე ტერიტორიაზეც კი არ უშვებს.

განსაკუთრებული დაცვის ზომები ძალოვნებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ჩორჩანას კუთვნილ ტყეში გადაღებული ფოტომასალა გაავრცელეს. ფოტოებში ხეებზე დატანილი აღმნიშვნელი ნიშნები ჩანს. დავით ქაცარავას განმარტებით, მსგავს სანიშნეებს ე.წ. მესაზღვრეები მაშინ ტოვებენ, როდესაც საზღვრის გავლება სურთ.

ინფორმაციის გადამოწმება "კურიერმა" ადგილობრივებთანაც სცადა. ჩორჩანას მოსაზღვრე სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ დროისთვის გამყოფ ხაზთან დაძაბულობა არ არის.

ხდება თუ არა ახალი მავთულხლართებისთვის ტერიტორიის მომზადება - ამ კითხვით "კურიერმა" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიმართა. მისიამ კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა, ოფიციალური ვაშინგტონის წარმომადგენელმა კი ჩორჩანაში შექმნილ ვითარებას შემაშფოთებელი უწოდა.

საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე დღეს კომენტარები მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში გაკეთდა.

სანამ სოფელ ჩორჩანას ირგვლივ სიტუაცია გაურკვეველია და უცნობია ისიც, ნიშნავენ თუ არა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მისატაცებლად ახალ ტერიტორიებს, ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. მესაზღვრეებს მადლობებს უხდიან და აჯილდოებენ კიდეც.

ბიბილოვის მხრიდან კიდევ ერთხელ გაიჟღერა მუქარამ, რომ ქართული მოსახლეობა მანამ იქნება ბლოკადაში, სანამ სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო იქნება.

დღის ამბები