25 აპრილი 2024,   16:14
ვრცლად
მინისტრი ამ მოსმენის მერე უნდა გადადგეს, ვინაიდან ეს არის საგანგაშო მოხსენება - რომან გოცირიძე 

იუსტიციის მინისტრსა და ომბუდსმენს შორის მწვავე დებატებს და საკომიტეტო მოსმენას დღეს საპარლამენტო ოპოზიცია არ დასწრებია. "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ნინო ლომჯარიას მიერ წარმოდგენილი ფაქტები იმდენად მძიმეა, რომ თეა წულუკიანმა პოსტი უნდა დატოვოს.

"მინისტრი ამ მოსმენის მერე უნდა გადადგეს, ვინაიდან ეს არის საგანგაშო მოხსენება. როდესაც ქვეყანაში არსებობს კრიმინალი, ის აუცილებლად გაჩნდება დახურულ სისტემაში. ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ კრიმინალის საარჩევნოდ და სხვა მიზნებისთვის გამოყენება გახდა ციხეში ძალადობისა და კრიმინალური სუბკულტურის აღდგენის მიზეზი. ამიტომ ხელისუფლებისათვის ეს არის ფაქტობრივად განაჩენი," - განაცხადა  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ მოსმენაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის სიტყვით გამოსვლა სპექტაკლს შეადარა.

"ვიხილეთ წულუკიანის სპექტაკლი ამ კომიტეტზე. უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ვნახეთ, რაც ადრე გვინახავს. ისიც კი არ იცის და არ გაუგია, არ დაინტერესებულა, რომ სახალხო დამცველის ფუნქცია არსად მსოფლიოში, ნორმალურ ქვეყნებში, არ არის ზოგადად ხელისუფლების, ივანიშვილის და უფრო ფართოდ პოლიტიკოსების რეპუტაციის დაცვა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები