29 მარტი 2020,   16:36
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილმა ევროპარლამენტარებს ახალგორელების სახელით მიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.

"მე დღეს გამოვიყენე ეს ძალიან მაღალი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა მწვავე საკითხი და ძირითადი გამოწვევა გამეჟღერებინა, რაც გამოწვეული გახლავთ მიმდინარე ოკუპაციით და გადაუჭრელი კონფლიქტით. დღეს ევროპარლამენტარებს ვესაუბრე ახალგორელების სახელით. მე ვისაუბრე ახალგორელების ხმით, რომ მიმეწვდინა ხმა მათი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, იმ ყოველდღიური განსაცდელის შესახებ, რაც გამოწვეულია ერთადერთი გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვით და ამ ადამიანების სრული იზოლაციით, რაც პირდაპირი გაგებით ემუქრება მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და სცდება ყოველგვარ ადამიანურ სტანდარტს.

ასევე ვისაუბრე ჩორჩანაში მიმდინარე ბორდერიზაციის მცდელობებზე, გუგუტიანთკარში გუშინ განახლებულ პროცესზე, რომელიც არის ახალი ეპიზოდი რუსეთის ძალიან ძველი პოლიტიკისა და მე მათ ვთხოვე მხარდაჭერა იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ძალისხმევა, შეწყდეს უსამართლობა, უკანონობა რომელიც წარმოადგენს საფრთხეს როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის, ისე ჰუმანიტარული სიტუაციისათვის ადგილზე ათასობით ადამიანისთვის.

მე მოვისმინე მხარდამჭერი განცხადებები ევროპარლამენტარების მხრიდან, ისინი სრულიად იზიარებენ იმ სულისკვეთებას, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, რომ მშვიდობიანად, მაგრამ აუცილებლად უნდა მოგვარდეს კონფლიქტები. დაუშვებელია რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებთან შეგუება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის სრულად მხარდაჭერილი და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, რაც მთავარია. მათ შორის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ევროპარლამენტის მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

დღეს ვისაუბრე ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, სამშვიდობო ძალისხმევებზე, "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მიმართ აფხაზური და ოსური საზოგადოებების მხრიდან მაღალ ინტერესზე, ჩვენს მზაობაზე დიალოგის, კონტაქტების გაფართოებისა და თანამშრომლობის წახალისებისაკენ, რაშიც აუცილებლად გვჭირდება ევროკავშირის და სხვა პარტნიორების დახმარება," - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები