23 აპრილი 2024,   10:02
ვრცლად
"ეს იყო უმკაცრესი გაფრთხილება და განაჩენი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ევროპარლამენტში მოისმინა" - სამადაშვილი

ევროპარლამენტარების უმკაცრესი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებას - ასე აფასებენ ოპოზიციაში ევროპარლამენტარების მხრიდან გუშინ მართველი გუნდის მიმართ დასმულ კითხვებს. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროკავშირს ნდობა აღარ აქვს, რისი დასტურიც გუშინ გაკეთებული განცხადებები იყო.

საგარეო კომიტეტში ქართული დელეგაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მოხსენების შემდეგ, ევროპარლამენტარებმა შეკითხვები საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დაუსვეს, გაკეთდა მწვავე შეფასებები. მათ შორის საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებასა და პოლიტიკოსების დევნას.

"როცა ევროპარლამენტის მაღალი რანგის წევრები პირდაპირ გესაუბრებიან პოლიტპატიმრებზე, პირდაპირ გესაუბრებიან, რომ ეს რაღაც მაჟორიტარების ვითომდა აჯანყება პროპორციულის ჩაგდების გასამართლებლად, როცა პირდაპირ გესაუბრებიან, რომ ივანიშვილი დგას ყველაფრის უკან. მართლა სამარცხვინო სურათი გადაიშალა ჩვენს თვალწინ და ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო რეალობაში ვართ," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანმა, გიორგი კანდელაკმა.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ნაცვლად იმისა, ევროპარლამენტში სამომავლო გეგმებზე გამართულიყო მსჯელობა, ხელისუფლებამ მკაცრი გაფრთხილებები მიიღო. 

"როდესაც პარლამენტში უნდა ემსჯელათ ოკუპაციაზე, ემსჯელათ სამომავლო პერსპექტივებზე, ამის ნაცვლად, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მიიღო უმკაცრესი გაფრთხილება, შეიძლება ითქვას უკანასკნელი გაფრთხილება, რომ ნდობა მათ მიმართ ევროკავშირი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. მე ვიტყოდი, ეს იყო განაჩენი, რომელიც მოისმინა "ქართულის ოცნების" წარმომადგენლობამ ევროპარლამენტში," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები