უზენაესი სასამართლო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობაში მსჯავრდებული პირების საქმის განხილვას იწყებს. პროცესზე დღეს მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. პირველი ინსტანციის სასამართლომ გიორგი ჯანაშიას სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო 9 წელი, გუგა ბარბაქაძეს კი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის 10 წელი მიუსაჯა.
სააპელაციომ კი სასჯელი კიდევ უფრო დაამძიმა და მოზარდებს თითო-თითო წელი მიუმატა. სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაესში ორივე მხარემ გაასაჩივრა.
სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია. მის საქმეს, დამოუკიდებლად საქალაქო სასამართლო განიხილავს.
"ერთი და იგივე უწყება, ერთი და იგივე სისხლის სამართლის საქმეზე, ერთ შემთხვევაში ითხოვს ბარბაქაძის მკვლელად აღიარებას, ხოლო მეორე შემთხვევაში კალანდიას მკვლელად აღიარებას. ანალოგიური შედეგი დადგება თუ დაკმაყოფილდება ჯანაშიას საკასაციო საჩივარი, ანუ მისი ქმედება თუ გადაკვალიფიცირდება აუცილებლად მოგერიების ფარგლებში. მაშინ გამოდის, რომ კალანდია ამ შემთხვევაშიც უკანონოდ არის დაკავებული. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ძალიან ცუდ თამაშს თამაშობს, იგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ მიზანს, ოღონდ არ იყოს ბუნტი და დაკმაყოფილდეს იმ პოლიტიკური პარტიის ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც მიაღწია ხელისუფლებამ ზაზა სარალიძესთან," - განაცხადა ზურაბ თოდუამ.