18 აპრილი 2024,   08:04
ვრცლად
"სანქციების ტოლფასი კრიტიკა - დასავლეთი ასეთი შეფასებების შემდეგ უკვე საქმეზე გადავა" - ლაგაზიძე ევროპალამენტარების განცხადებებზე

სანქციების ტოლფასი კრიტიკა - ასე აფასებენ ანალიტიკოსები ევროპალამენტარების მხრიდან მართველი გუნდის მიმართ დასმულ კითხვებს. ისინი ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ გამოთქმული მწვავე კრიტიკიდან გამომდინარე არსებულ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი შეფასებით, რეაგირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ასეთი მძაფრი არასდროს ყოფილა და იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლებამ არჩეული სტრატეგია არ შეცვალა, ევროინტეგრაციის ისედაც ნელი ტემპი საერთოდ შეჩერდება.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი, გიორგი რუხაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკა უნდა შეცვალოს. 

"როდესაც ევროპარლამენტის წევრები გეუბნებიან, რომ სერიოზული პრობლემები გაქვს დემოკრატიის მიმართულებით, სერიოზული პრობლემები გაქვს სამართლის უზენაესობის მიმართულებით, როდესაც გეუბნებიან, რომ ადამიანებს და ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ მოღვაწეებს დევნიან შენ ქვეყანაში, არავის არ სჭირდება ამ ტიპის სახელმწიფო. თუ ქართული ოცნება არ შეცვლის თავის პოლიტიკას, ძალიან დააზარალებს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებს," - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორების მკაცრი შეფასებები უკვე სანქციების ტოლფასია. 

"ყველა ხერხს მიმართავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდეს დემოკრატიული თამაშის წესებს. სხვაგვარად, ის ნამდვილად მოექცევა სანქციების ქვეშ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, ასეთი უმკაცრესი შეფასება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებისა, უკვე სანქციების ტოლფასია. თუმცა, თუ ყურად არ იყო სიტყვა, მე გარწმუნებთ, რომ დასავლეთი ასეთი შეფასებების შემდეგ უკვე საქმეზე გადავა," - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

 

დღის ამბები