24 აპრილი 2024,   22:29
ვრცლად
"ეს გზავნილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებიან" - სალომე სამადაშვილი

ამერიკელი კონგრესმენების მიერ, ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის თქმით, ვაშინგტონის გზავნილით იკვეთება, რომ დასავლელი პარტნიორები ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებიან.

"როდესაც კონგრესმენები გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე, დიპლომატიურ ენაზე ეს გზავნილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს. შესაბამისად დღეს, ჩვენი ამოცანა არის, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოვიცილოთ ეს დაბრკოლება, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წარმატების გზაზე" - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

როგორც ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი ამბობს, "ქართული ოცნება" საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული და ამას ხელისუფლებამ თვალი უნდა გაუსწოროს. 

"საქართველოს საკითხები მათ ეხებათ პირველ რიგში, შეერთებული შტატების კონგრესში, ისინი წლების განმავლობაში გვერდში ედგნენ ჩვენს ქვეყანას და იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის. მაგალითად, ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო თავდაცვითი იარაღი, პირველ რიგში ამ კონგრესმენების დამსახურებაა. რეალობას უნდა გაუსწოროს "ქართულმა ოცნებამ" თვალი, რომ არის საერთაშორისო იზოლაციაში და რაც მალე დაჰყვება საზოგადოების ნებას, ჩვენი პარტნიორების ნებას, მით უკეთესი მათთვის," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ამერიკელი კონგრესმენებისგან კიდევ ერთ კრიტიკულ გზავნილს იღებს. "საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის ფაქტორები, ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებს და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლას პრობლემას უქმნის" - ამ შინაარსის წერილს ხელს კონგრესის 4 წევრი აწერს: წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი. ინფორმაცია twitter-ზე თავად კინზინგერმა გაავრცელა.  

დღის ამბები