საპროკურორო საბჭოს პირველ შეკრებამდე, განსახილველი კანდიდატებიდან ერთ-ერთმა, "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" თავმჯდომარემ გრიგოლ გაგნიძემ საკუთარი კანდიდატურა ირაკლი შოთაძის სასარგებლოდ მოხსნა.
გრიგოლ გაგნიძის განმარტებით, გენერალური პროკურორის პოსტზე მისი შანსები შემცირდა. შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს წევრებს 3 რჩეულის დასახელება 16 კანდიდატიდან მოუწევთ.
"ჩემს განცხადებაში მივუთითე, რომ მე მხარს ვუჭერ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას. ამასთან, 2015 წელს ბატონი შოთაძე მთავარ პროკურორად ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა.
მქონდა შანსი, ვიდრე ირაკლი შოთაძე განაცხადებდა თანხმობას. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება რომელიმე კანდიდატს წარმოადგენს და ამ შემთხვევაში, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მიერ გაკეთდა განცხადებები, ეს ნიშნავს, რომ შოთაძე ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატია," - აღნიშნა გრიგოლ გაგნიძემ.
ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უჭერს მხარს ასევე ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და გენერალური პროკურორის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენას დადებითად აფასებს. ნიკოლაიშვილმა იმ გახმაურებულ საქმეებზეც ისაუბრა, რომელთა გამოც ოპონენტები შოთაძეს ყველაზე მეტად აკრიტიკებენ.
"მე დადებითად ვუყურებ ამ შემთხვევაში შოთაძის დაბრუნებას, თავისი წარსულის გამოცდილების თუ კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე თქვა, რომ არავითარი დარღვევა არ ყოფილა. შოთაძეს მაჩალიკაშვილის, სარალიძისა და დეკანოზი მამალაძის საქმეებს უყენებენ ბრალად, რომ ნორმალურად არ იყო გამოძიებული. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური განცხადებები და რეალურად ამ საქმეებში შოთაძის როლი ვერ დავინახე. ყველაზე მეტი პრეტენზია მაქვს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით," - აღნიშნა დღეს გელა ნიკოლაიშვილმა.
საპროკურორო საბჭო დღეს პირველად იკრიბება და გენერალური პროკურორის პოსტზე 16 კანდიდატის საქმეს განიხილავს. საბჭოს წევრებს გადაწყვეტილების მისაღებად და 3 კანდიდატის შესარჩევად ერთთვიანი ვადა აქვთ.