შელაპარაკება პარლამენტის წინ. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი იმ კომპანიის წარმომადგენელს დაუპირისპირდა, რომელმაც პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა აწარმოოს. კომპანიის წარმომადგენელმა სამუშაოებთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და განაცხადა, რომ მერიის პრესსამსახურისთვის მიემართათ:
"პასუხი არ აქვთ არც კომპანიის წარმომადგენლებს. მერიის მუნიციპალური ინსპექცია გამოვიძახეთ იმიტომ, რომ ბანერი წარმოდგენილი არაა, ხელშეკრულება არ არსებობს, ანუ რის საფუძველზე მიმდინარეობს სამუშაოები. თბილისელებს შეუძლიათ მოვიდნენ დედაქალაქის ცენტრში და ნახონ ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის შიშის მონუმენტი, ეს ღობე არის მათი შიშის ძეგლი და აქ სამუშაოები მიმდინარეობს უკანონოდ," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
უკანონო სამუშაოების წარმოებაზე საუბრობს მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილიც. მისი თქმით, პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების ერთადერთი მიზანი საპროტესტო მოძრაობისთვის ხელის შეშლაა:
"ეს არის ერთადერთი მიზნისთვის გათვლილი, რომ შეაჩერონ პროტესტი, რაც, რა თქმა უნდა, არ შეჩერდება და ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე უარეს პროტესტს მიიღებენ," - განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.