25 აპრილი 2024,   21:14
ვრცლად
ნურავის ექნება ილუზია, რომ მწვანე კედლების აშენებით ხელოვნურად შეძლებენ ხალხის პროტესტის შეჩერებას - ოპოზიცია 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების საბაბით, საკანონმდებლო ორგანოს წინ იმ ტერიტორიის შემოღობვას, რომელიც საპროტესტო აქციების ეპიცენტრს წარმოადგენს, პოლიტიკოსები ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს პროტესტის შეზღუდვის მიზნით კეთდება.

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" თავისი ქმედებებით ხელისუფლებიდან წასვლის პროცესს აჩქარებს.

"კარვებიც დაბრუნდება, ეს ღობეც აღარ იქნება და "ქართული ოცნებაც" აღარ იქნება მალე. თვითონ გვეხმარებიან ამ სისულელეებით პროცესის დაჩქარებაში. დღეს მაგალითად საერთოდ არ ვაპირებდით საპროტესტო აქციების გამართვას და ეს დებილობა და ყეყეჩობა გააკეთეს და გამოგვიყვანეს ქუჩაში," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ანა დოლიძის თქმით, ხელისუფლების მსგავსი ქმედება პროტესტს ვერ შეაჩერებს.

"გასაკეთებელი და გასარემონტებელი გზების, ქუჩებისა და მოედნების მეტი რა არის ამ ქალაქში? დღეს რომ აქ დაიწყო მერიამ ეს პროცესი, ეს არის უბრალოდ იმისთვის გაკეთებული, რომ არ განახლდეს ამ ეპიცენტრში და ცხელ წერტილში საპროტესტო მოძრაობა. რა მნიშვნელობა აქვს, სხვა ადგილს ვიპოვით ჩვენი ტკივილის გამოსახატავად," - აღნიშნა ანა დოლიძემ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ხალხის პროტესტი ვერანაირი ხელოვნური მეთოდებით ვერ შეჩერდება და ხელისუფლების მსგავსი ქმედებები შედეგს ვერ გამოიღებს.

"ნურავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ აქ ატრაქციონების დადგმით, პირდაღებული ზვიგენების მოტანით, თუ მწვანე კედლების აშენებით ხელოვნურად შეძლებენ ხალხის პროტესტის შეჩერებას. ხალხის პროტესტი შეჩერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც აღმოიფხვრება ის მიზეზები, რის გამოც ხელისუფლებამ ხალხი ქუჩაში გამოიყვანა," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები