25 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
დაპირება მიიღო საზოგადოებამ და არა რომელიმე კონკრეტულმა პარტიამ - "სირცხვილიას" აქტივისტები გრიგოლ ვაშაძეს აკრიტიკებენ

გრიგოლ ვაშაძის განცხადებას "სირცხვილიას" აქტივისტები კატეგორიულად არ ეთანხმებიან. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის განცხადება, რომ პროპორციული არჩევნები ხელისუფლებას "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაადებინა", მათთვის სრულიად მიუღებელია. 

"სირცხვილიას" განმარტებით, 20 ივნისის მოვლენების დროს აქტივისტებმა პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმება დადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი პარტიები მათ მოთხოვნებს გაიზიარებდნენ, პოლიტიკოსები შეძლებდნენ ორგანიზატორთა ტრიბუნით ესარგებლათ.

"შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ. ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა.

პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით, თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. ძალიან არასწორ ეგოს შეეხო," - წერს "სირცხვილიას" აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი. 

მათივე განცხადებით, პროპორციული არჩევნების სისტემის მონაპოვარი მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი პროტესტის შედეგია და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის.

"ეს დაპირება მიიღო საზოგადოებამ და ხალხმა და არა რომელიმე კონკრეტულმა პარტიამ. მე არ ვიცი ახლა ბატონმა ვაშაძემ რა იგულისხმა, კონკრეტულად, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაპირდა ხალხს და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას და გადააგდო ხალხი, და არა რომელიმე კონკრეტული პარტია," - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

დღის ამბები