19 თებერვალი 2020,   10:57
ვრცლად
სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუ პროტესტის თავიდან აცილების მცდელობა - პარლამენტთან მწვანე კედელი აღმართეს

დღეს დილით, ქალაქის მთავარ გამზირზე მოსახლეობას მწვანე კედელი დახვდა. პარლამენტის წინ, ფეხბურთის მოედნის ხელოვნური საფარი რკინის ჯებირებზე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით გაიკრა. კედლის მიღმა კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები დილიდან ცდილობდნენ გაერკვიათ, რომელი კომპანია ახორციელებდა სამუშაოებს, რომელიც, მათი მტკიცებით, უკანონოა.

მწვანე კედელთან პოლიტიკოსებიც მივიდნენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ ფორმით პარლამენტის წინ პროტესტის თავიდან აცილებას ცდილობს.

პოლიტიკური პარტიები 4 თებერვალს, პირველი საგაზაფხულო სესიის დღეს, მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას მშვიდობიანი პიკეტით უპასუხებენ.

რუსთაველის გამზირზე, მწვანე კედლებთან მისული იყო მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომლის კარავიც მერიის გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე აიღეს. თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ კარვის გაშლას სხვა მისამართზე არ გეგმავს, რადგან მისი პროტესტის მთავრი ადრესატი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა, რომლისაგანაც მისი შვილის საქმეზე, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

დედაქალაქის  მერის გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის წინ ახალგაზრდულმა მოძრაობებმაც გააპროტესტეს. რუსთაველის გამზირზე რამდენიმე აქცია პერფომანსი მოეწყო.

ნაწილმა ადგილზე პლაკატები გააკრა, ნაწილმა კი მწვანე კედელს მავთულხლართები შემოავლო.

პარლამენტის  წინ დაწყებული სამუშაოების შესახებ განმარტება, დილითვე დედაქალაქის მთვარობის სხდომაზე გაკეთდა. კალაძის თქმით, ადგილზე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, მერიის გადაწყვეტილებით, შეიცვლება ფილები და გასუფთავდება 9 აპრილის მემორიალი, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამის შესახებ ტენდერი მერიამ გასულ წელს გამოაცხადა.

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიაზე მწვანე გალავნის აღმართვას წინ, 31 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირება უძღვოდა. მაშინ, ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, პარლამენტის წინ, საახალწლო ატრაქციონები დაამონტაჟეს რის გამოც, მაჩალიკაშვილისა და დეკანოზ მამალაძის ოჯახების კარვები აიღეს.

დღის ამბები