საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის ოჯახი დანაშაულის გამოძიებას ითხოვს.
საუბარია 2016 წლის 1 აგვისტოს მომხდარ ფაქტზე, როცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმავალი ხუციშვილი დაიკარგა, მოგვიანებით მისი მანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე იპოვეს, თავად ხუციშვილის ცხედარი კი - მდინარეში.
ხუციშვილის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ საქართველოში გამოძიება მიზანმიმართულად არის გაჩერებული.
"ჩვენ მოვამზადებთ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვინაიდან საქართველოში გამოძიება მიზანმიმართულად არის გაჩერებული და სისტემის მხრიდან მფარველობა ხდება," - განაცხადა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტ ნესტან ლონდარიძის განცხადებით, ყველა პირი, რომელიც ზურა ხუციშვილზე დევნას ახორციელებდა, იდენტიფიცირებულია.
"საქმეზე არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ზურა ხუციშვილზე პოლიციის 7 ეკიპაჟი ახორციელებდა დევნას. იდენტიფიცირებულია უშუალოდ ის პირები, ვინც ამ დევნაში მონაწილეობდნენ. თუმცა, 3 წლის განმავლობაში ამ პირთა მიმართ ბრალის წარდგენა არ მომხდარა," - აღნიშნა "ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა ნესტან ლონდარიძემ.
ადვოკატები ამბობენ, რომ ხუციშვილი, სავარაუდოდ, პოლიციელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, რაზეც სიცოცხლეში მიღებული დაზიანებებიც მეტყველებს. ადევნების ამსახველი ვიდეო კი სწორედ დანაშაულის დამალვის მიზნით დამონტაჟდა.
"ჩადენილია დანაშაული. თბილისის პროკურატურის მიერ მოპოვებულია უტყუარი მტკიცებულებები, სადაც იკვეთება როგორც გამომძიებლების, ისე პატრულ-ინსპექტორის დანაშაული, რომლებსაც ხელმძღვანელი პროკურორები შეგნებულად არ აძლევდნენ პასუხისგებაში," - განაცხადა ზურა ხუციშვილის ოჯახის ადვოკატმა დავით გერმანოზაშვილმა.