20 აპრილი 2024,   05:20
ვრცლად
სავარაუდო ზეწოლა და მუქარა სამართალდამცველების მხრიდან - 10 წლის ბიჭის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს  

" კურიერში" გასული სიუჟეტის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კიდევ ერთ საქმეს სწავლობს. 

10 წლის ბიჭს, რომელიც დედის ინფორმაციით, მამის დაკავებისას სამართალდამცავებმა კანონის დარღვევით დაკითხეს, დღეს ფსიქოლოგი გაესაუბრა.

ლონდა თოლორაიას უწყებამ უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა მიღებული არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ტრავმა.

"პოლიციამ დამიშინა ბავშვი, როცა არ ვიმყოფებოდი სახლში და ჩემი მეუღლე აიყვანეს. იმ დროს შევიდნენ ბავშვთან, როცა მარტო იმყოფებოდა და დაუწყეს დაკითხვები ბავშვს, რის უფლებაც არ ჰქონდათ, რომ ჩემს შვილზე მოეხდინათ ასეთი ზეწოლა. დღეს ფსიქიატრმა უნდა გასინჯოს," - განაცხადა მოზარდის დედამ.

მოზარდზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის საქმის ობიექტური გამოძიების იმედი აქვს ადვოკატ ცოტნე ტყებუჩავასაც.  

"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ობიექტურად იქნება ამ სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის მიერ გამოძიებული. ჯერ რამდენიმე თვეც არაა გასული, რაც ლუკა სირაძე მიაბარეს მიწას და წარმოიდგინეთ 10 წლის ბავშვი," - განაცხადა ადვოკატმა ცოტნე ტყებუჩავამ. 

10 წლის ბიჭი სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლისა და მუქარის შესახებ საუბრობს. არასრულწლოვანი 11 დეკემბრის საღამოს იხსენებს, როდესაც პოლიციელებმა მისი მამა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მკვლელობისთვის დააკავეს.

10 წლის ბიჭის თქმით, სამართალდამცველებმა მას სახლის ჩხრეკის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც მათ მთავარ კითხვაზე - თუ სად იყო მკვლელობის დღეს სავარაუდო დამნაშავე, ბავშვისგან სასურველი პასუხი ვერ მიიღეს.  

დღის ამბები