24 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
პროტესტის მეორე დღე ქუთაისში - მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების აქციის პროფკავშირების წარმომადგენლები უერთდებიან

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის, შპს -"ამბიკონ სტილსის" თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. მეორე დღეა 200-მდე თანამშრომელი მუშაობაზე უარს აცხადებს. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პროტესტი არ შეწყდება.

მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს მხარდაჭერას პროფკავშირები უცხადებენ, ისინი აქციას ტყიბულიდან, ჭიათურიდან და ზესტაფონიდან უერთდებიან.

"ელემენტარულს ვითხოვთ, ხელფასის გაზრდას. 12 საათს ვმუშაობთ დღე და ღამესაც 12 საათს ვმუშაობთ, არანაირი ზეგანაკვეთი არ არის 8 საათის შემდეგ. ფიზიკურად ძალიან რთული სამუშაოა და გარემოც ცუდია. გვინდა, რომ ორივე მხარე შევთანხმდეთ დროულად და ორივე მხარესთვის იყოს სასარგებლო," - აცხადებს მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი რამინ მარგველაშვილი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორი ირაკლი ფხეიძის განცხადებით, მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები უკვე 9 თვეა შრომით ხელშეკრულებებს ითხოვენ, რაზეც ქარხნის ადმინისტრაცია უარს აცხადებს. ფხეიძის თქმით, მეტალურგიული დარგის თანამშრომლების პროტესტს სხვა თანამშრომლები სრულ სოლიდარობას უცხადებენ.

"სხვა დარგები, რომლებიც არ არიან მეტალურგიული დარგის წარმომადგენლები, უცხადებენ სრულ სოლიდარობას მათ პროტესტს, რომელიც გამოწვეულია იმ პირობებით, რასაც კომპანიის ადმინისტრაცია ქმნის საწარმოში.

კერძოდ, ისინი არღვევენ როგორც შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონს, ასევე უხეშად არღვევენ საქართველოს შრომის კოდექსს. 9 თვეა დაახლოებით ითხოვენ შრომის ხელშეკრულებებს და ადმინისტრაცია უარს აცხადებს ასეთი ხელშეკრულებების გადაცემაზე," - განაცხადა ირაკლი ფხეიძემ.

დღის ამბები