25 აპრილი 2024,   04:30
ვრცლად
ოპოზიცია სახალხო დამცველის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს, რა პასუხი აქვთ მმართველ გუნდში

საქართველოს სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს შორის არსებულ დაპირისპირებას პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიცია სახალხო დამცველის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

"ქალბატონმა თეა წულუკიანმა ჩაიდინა დანაშაული. სახალხო დამცველი თავისი ქმედებით ემსახურებოდა კანონს, ხალხს. ქალბატონი თეა ემსახურება ბიძინა ივანიშვილს. შანტაჟი, ფაქტობრივად, და მისი შეხვედრების გასაჯაროება, რომელსაც რაღაც პოლიტიკური ელფერი დაკრავდა და მინიშნებები იყო, თითქოს სახალხო დამცველი არ არის ობიექტური და ის შერჩევით ხვდება ადამიანებს, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი,  ნიშნავს პოლიტიკური დევნის ერთ-ერთ ფორმას სახალხო დამცველთან მიმართებით," - განაცხადა"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის განცხადებით, იუსტიციის მინისტრმა კანონი დაარღვია და პასუხი უნდა აგოს:

"სახალხო დამცველის საქმიანობა, ვის ხვდება და ვის არ ხვდება, ეს არის მისი გადასაწყვეტი, ეს არის კონფიდენციალური და აი, ეს პირობები და ეს კანონი დაარღვია წულუკიანმა და ამისთვის უნდა აგოს პასუხი. სრულიად აშკარაა, რომ მისი შურისძიება, მისი ბოღმა თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს და პოლიტიკური დაპირისპირება და პოლიტიკური დევნა სახალხო დამცველისა ეს უკვე არის ახალი ეგზოტიკა," - განაცხადა სერგო რატიანმა.

განსხვავებული შეფასებები აქვთ მმართველ გუნდში. ანრი ოხანაშვილის თქმით, მომხდარი ფაქტის დეტალები გასარკვევია:

"ჩვენ არ ვიცით ქალბატონ ნინოს ვისთან ჰქონდა საუბარი, ეს გარკვევადია, თუმცა ჩემი ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებას ან იუსტიციის სამინისტროს, ამის გასაჯაროება არ მოუხდენია,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სახალხო დამცველის პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ უკვირს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს. რატი იონათამიშვილის თქმით, მედია ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსებზე მეტად ინფორმირებულია, თუმცა მისი თქმით, გამოსარკვევია, როგორ მოხდა ინფორმაციის მიწოდება:

"არ მიკვირს, რომ მედიამ სხვაზე სწრაფად გაიგო ის, რომ ქალბატონი ნინო იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში. ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტები ბევრად უფრო ინფორმირებულები ხართ, ვიდრე თუნდაც ჩვენ, გადაწყვეტილების მიმღები პირები. რასაკვირველია, გამოსარკვევია, როგორ და რანაირად მოხდა ინფორმაციის მიწოდება,"- განაცხადა რატი იონათამიშილმა. 

ნინო ლომჯარიასა და თეა წულუკიანს შორის არსებული დაპირისპირება პარლამენტში გამართული მოსმენის დროს გამოჩნდა. თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარია არასათანადო მუშაობაში და შერჩევითობაში დაადანაშაულა. წულუკიანის თქმით, ლომჯარია ხელისუფლების წევრების უფლებებს არ იცავს.  ამასთან, იუსტიციის მინისტრის თქმით, სახალხო დამცველი პატიმრების უფლებების დარღვევაზე ისე საუბრობს, რომ მათ მოსანახულებლად არც დადის. ლომჯარიამ წულუკიანის ბრალდებები უარყო.

გუშინ, ნინო ლომჯარიამ ე.წ მატროსოვის ციხეში პატიმრები მოინახულა. ნინო ლომჯარიას თქმით, იმის მიუხედავად რომ შეხვედრა კონფიდენციალური იყო, წულუკიანის უწყებამ შეხვედრის დეტალები მაინც გაასაჯაროვა, რაც კანონდარღვევაა.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები