25 აპრილი 2024,   14:04
ვრცლად
პორნოგრაფიის საქმე - დაცვის მხარე ამბობს, რომ მტკიცებულებები უკანონოდ მოპოვებულია

პორნოგრაფიის საქმეზე ერთ საათზე მეტია, რაც წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

მხარეები დანაშაულში მხილებულ ავსტრალიის მოქალაქეზე და ასევე, იმ დედა-შვილზე  მსჯელობენ, რომელიც სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გასული წლის დეკემბერში დააკავეს.

მათი საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის, ფოტო და ვიდეო მასალა, სასამართლომ საქმეს არ დაურთოს.

"მტკიცებულება საკმაოდ მოცულობითია და ასეთი იყო ჩვენი შუამდგომლობაც, გამიჭირდება დეტალურად ჩამოვთვალო მტკიცებულებები, თუმცა ძირითადად მათი უმრავლესობა საპროცესო ნორმების დარღვევით არის მოპოვებული," - აღნიშნა ავსტრალიის მოქალაქის ადვოკატმა.

დედა-შვილის ადვოკატის განცხადებით კი, სასამართლო პროცესზე, დაცვის უფლებები დაირღვა. 

"დაირღვა დაცვის უფლებები, ვინაიდან ყველა მტკიცებულება არ გადმოგვცეს. თუმცა, არის მტკიცებულებების ერთი ტომი, რომელშიც გაერთიანებულია ვიდეო მასალა და ფოტოები. ზოგიერთი მათგანი გასაიდუმლოებული დარჩა ჩვენთვის," - განაცხადა დედა-შვილის ადვოკატმა.

პროკურორი მარიამ გოგორელიანი, მტკიცებულებათა უკანონოდ მოპოვების ბრალდებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ ეს უნდა დაამტკიცოს. 

"დაცვის მხარის შუამდგომლობა მოკლებულია საფუძველს. მტკიცებულებათა მოპოვებისა და წარმოდგენის დროს, არ მომხდარა არანაირი კანონდარღვევა, შესაბამისად, ბრალდების მხარე გასცემს პასუხს, თუ რატომ არ არის დაცული მტკიცებულებების მოპოვების დროს კანონი," - განაცხადა პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა.

 

 

დღის ამბები