25 აპრილი 2024,   03:02
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმის განხილვა ერთდროულად ორ ინსტანციაში მიმდინარეობს - პროცესზე ექსპერტს დაკითხავენ

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია და საქმის განხილვა ერთდროულად სასამართლოს ორ ინსტანციაში მიმდინარეობს. დანაშაულში მხილებული პირების საქმეებზე საქალაქო და უზენაეს სასამართლოებში მსჯელობენ.

გუშინდელი ხმაურიანი სხდომის და კონფლიქტის შემსწრე პირის გამოკითხვის შემდეგ, დღეს იგეგმება ერთი ექსპერტის დაკითხვა. ის ჩვენებას დისტანციურად მისცემს. ექსპერტი-ტრასოლოგი, ის პირია რომელმაც მოახერხა კონფლიქტში მონაწილე პირების ტანსაცმლის შესწავლა, მათ შორის არის კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ტანსაცმელიც.

დაცვისა და ბრალდების მხარეები დღევანდელ სხდომაზე დოკუმენტაციას წარმოადგენენ, სადაც ხორავას საქმის ფაქტობრივი გარემოებებია აღწერილი.

დღევანდელი პროცესი 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა სხდომა ამ დრომდე არ დაწყებულა. 

"ის, რაც გუშინ მოხდა სხდომათა დარბაზში ზუსტი იმიტაცია არის იმისა, რაც მოხდა ხორავას 4-ში 2017 წლის 1 დეკემბერს. აბსოლუტურად წყნარ, მშვიდ სიტუაციაში ერთ-ერთმა შესანიშნავმა მოსწავლემ, სტუდენტია დღეს, ნუცუბიძემ, მოაგვარა დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან, კონფლიქტი განმუხტა  ფაქტობრივად. სრულიად მოულოდნელად ყველასაგან, წამოხტა დათუნა სარალიძე და ახალი კონფლიქტი წამოიწყო.

აი ეს მოხდა დაახლოებით გუშინ, როდესაც სრულიად მშვიდ სიტუაციაში მოწმე პასუხობდა პროკურორის კითხვებს, სრულიად გაუგონარი და მოგონილი მიზეზებით, პროვოცირებული შესაძლებელია ყოფილიყო, მოხდა ინციდენტი," - აცხადებს მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა.

საქალაქო სასამართლოს პარალელურად ხორავას საქმეზე პროცესი უზენაეს სასამართლოშიც მიმდინარეობს. უზენაეს სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის ბარბაქაძის ადვოკატმა დღევანდელი პროცესის დაწყების წინ განაცხადა, ისინი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვენ, თუმცა ასეთი დოკუმენტის გაფორმების წინაპირობად პროკურორმა დაასახელა, რომ ბარბაქაძემ ორივე პირის მიმართ ჩადენილი დანაშაული აღიაროს.

სწორედ ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, ბარბაქაძის ადვოკატის განცხადებით, ისინი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აღარ ითხოვენ, რადგან პროკურატურა ითხოვს, რომ ბარბაქაძემ აღიაროს ის დანაშაული, რაც რეალურად არ ჩაუდენია.

"გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ჩვენ არ ვაფორმებთ საპროცესო შეთანხმებას. გაჟღერდება თუ არა მიზეზები, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა.

მე მინდა განსაკუთრებულად გამოვეხმაურე გუშინდელ ფაქტს, რომელიც საქალაქო სასამართლოში მოხდა, ეს შეეხება ალექსანდრე სუბელიანის დაკითხვას. ობიექტური საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, თუ როგორი მტკიცებულებების და მოწმეების საფუძველზე ცდილობს ბრალდების მხარე ბარბაქაძის წინააღმდეგ დაამტკიცოს არ არსებული დანაშაული.

მე ვფიქრობ, რომ თუ უზენაესი სასამართლო ობიექტური იქნება, ჩვენ სამართლიან განაჩენს მივიღებთ," – აცხადებს ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე.

პროკურორის თორნიკე ნადირაძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდა, რადგანაც ბრალდების მხარე აღნიშნულ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით თანახმა არ არის.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე განიხილება საკასაციო საჩივრები, რომელიც ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი. ასევე შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ნაწილში. ეს არის დახურული სასამართლო პროცესი, სადაც კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით ბუნებრივია ვერ ვისაუბრებ," - განაცხადა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ.

დღის ამბები