23 აპრილი 2024,   23:38
ვრცლად
"ფარჩაკები ხართო ასე გვითხრა... პირად შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ" - უმრავლესობის წევრები ლევან ხაბეიშვილზე

თბილისის საკრებულოში დაწყებულ დაპირისპირებასა და ლევან ხაბეიშვილის ცემაზე, უმრავლესობის წევრები საუბრობენ. 

"როდესაც უმიზეზოდ ლანძღავ ადამიანებს, თან იტყუები და ჩვენი მაყურებელი შეცდომაში შეგყავს, ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ქართველ ხალხზე იძახდა რუსთაველიდან ნაგავი გაიტანეთო, ეს იყო ლევან ხაბეიშვილი," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ავთანდილ ცინცაძემ. 

მომხდართან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ადამიანები ვართ და ხანდახან შესაძლოა, ასეც მოხდეს. 

"ადამიანები ვართ, ზოგი სიტყვიერად ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ზოგი კი ფიზიკურად. ორი წელია ეს ადამიანი ყველაფერს შვება იმისათვის, რომ აქამდე მიიყვანოს ხალხი. მე რომ ვინმეს, იდიოტს, ფარჩაკს და არაადამიანს დავუძახებ, ფაქტია, რომ მისგან უნდა ველოდო მსგავს პასუხს. ამას, რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს, მაგრამ ხანდახან ხდება გაუმართლებელი რაღაცები,"-  განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა. 

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას, მისი თქმით, პირად შეურაცხყოფას არავის აპატიებს. 

"ჩვენ, როგორც შეგვეძლო მაქსიმალურად ვცემდით პასუხს, მაგრამ როდესაც ის პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა, მიიღო ის, რაც მიიღო. ადამიანები, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ და არც გაუკეთებიათ, მათგან პირად შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ ავიტან. ფარჩაკი თავიანთ ახლობლებს და პარტიის წევრებს დაუძახოს," - აღნიშნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ. 

დღის ამბები