23 აპრილი 2024,   12:50
ვრცლად
"მან ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილი დამნაშავე არ არის, ასრულებს ვიღაცის დაკვეთას" - კალანდიას ძმა ზაზა სარალიძეზე

მიხეილ კალანდიას დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კალანდიას ოჯახის წევრებმა ზაზა სარალიძე გარიგებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ის მართულია. 

კალანდიებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ ვინ მართავს გარდაცვლილი დავით სარალიძის მამას, თუმცა თქვეს, რომ მტკიცებულებებს აუცილებლად წარმოადგენენ.

"ვალდებულება აქვს აღებული, ვისგან არ ვიცი, რომ ჩემი შვილის სახელი რაც შეიძლება ხშირად და მძიმე ფორმებში გააჟღეროს. იმ ვალდებულებას თუ არ შეასრულებს, ალბათ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ," - აცხადებს მიხეილ კალანდიას მამა.

მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას განცხადებით, ზაზა სარალიძემ კარგად იცის, რომ ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან არაფერი საერთო არ აქვს.

"ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სპექტაკლი. ჩვენ ვლაპარაკობთ უკვე ძალიან ღიად. 2 წელი ჩვენ ვითმინეთ ეს ტყუილები, რასაც ჩვენი მისამართით ამბობდნენ. მან ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილი დამნაშავე არ არის, ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი წვლილი არ მიუძღვის მკვლელობაში, მაგრამ ასრულებს ვიღაცის დაკვეთას. მე რომ რაიმე მტკიცებულება მქონდეს ნივთიერი, ამას აუცილებლად მთელი ქვეყანა გაიგებდა. უბრალოდ ეს ასე არის," - აცხადებს მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია.

დღის ამბები