ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის საქმის განხილვა სასამართლოს ორ ინსტანციაში ერთდროულად მიმდინარეობდა.
როგორც მსჯავრდებული ბარბაქაძის ადვოკატი ამბობს, ისინი აღარ თანხმდებიან საპროცესო შეთანხმებას, რადგან ვერ აღიარებენ ისეთ დანაშაულს, რაც არ ჩაუდენიათ.
"მიმოვიხილე ყველა მტკიცებულება და მივაწოდე სასამართლოს. ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სასამართლოს არ მიუღია მონაწილეობა ფარდულში მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა, ბრალდების მხარე მაინც ცდილობს, მოწმედ კალანდია მოიყვანოს. ეს არის, ლოგიკურადაც და სამართლებრივადაც დიდი ნონსენსი," - განაცხადა გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.
გიორგი ჯანაშიას ადვოკატის განცხადებით კი, დაცვის მხარე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანეს.
"მინდა კალანდიების ოჯახის განცხადებას ვუპასუხო. მიხეილ კალანდია თავის დროზე, ძალიან ბევრჯერ დაიკითხა. მან ყოველ ჯერზე შეცვალა ჩვენებები და შეცდომაში შეიყვანა საგამოძიებო ორგანო. ნაცვლად იმისა, რომ მათ ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, დაზარალებულ მხარეს შეურაცხყოფას აყენებენ," - განაცხადა გიორგი ჯანაშიას ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.
პროკურორის განმარტებით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დასტურდება, რომ გუგა ბარბაქაძე დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობდა.
"ორივე ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარე ცალსახად მიუთითებდა, რომ გიორგი ჯანაშიას მიერ ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობა განხორციელდა. სწორედ ამაში დაეთანხმა დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს. მიხეილ კალანდიას ჩვენება გუგა ბარბაქაძის მიერ დანის გამოყენების ნაწილში, გამოძიების მიერ მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან თანხვედრაში მოდის, რაც ერთობლიობაში ქმნის სურათს, რომ გუგა ბარბაქაძე დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობდა," - განაცხადა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ.