08 ივლისი 2020,   15:06
ვრცლად
მიცვალებულთა პენსიის სავარაუდო მითვისება ზუგდიდში - "ლიბერთი ბანკის“ 4 თანამშრომელს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" 4 თანამშრომელი, თანამზრახველთან ერთად, რამდენიმე თვის განმავლობაში, მიცვალებულთა პენსიებს და დევნილთა შემწეობას საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდა.

სისხლის სამართალი ამას თაღლითობად განიხილავს. გამოძიებაც შესაბამისი, 180-ე მუხლით დაიწყო. არგუმენტები, რომელიც დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ წარადგინა სასამართლოსთვის პატიმრობის შესაფარდებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ბრალდების არგუმენტები მიუღებელია უფლებადამცველისთვის. ადვოკატი ამბობს, რომ 2019 წლის მაისში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები სამართალდამცველებთან აქტიურად თანამშრომლობდნენ და მიმალვას არ აპირებდნენ. შესაბამისად, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მისთვის მიუღებელია.

საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თითქმის 8 თვის განმავლობაში იძიებდა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებს ხელი მიუწვდებოდათ მიცვალებულთა საბანკო ანგარიშებზე. იყენებდნენ იმ პირთა მონაცემებს, რომელთა გარდაცვალებაც ოჯახის წევრებს რეესტრში არ ჰქონდათ დამოწმებული. ამ სქემით და სხვადასხვა საბანკო ოპერაციის მეშვეობით დაკავებულებმა სულ 72 000-მდე ლარი მიითვისეს. "ლიბერთი ბანკში" აცხადებენ, რომ ეჭვების გაჩენისთანავე სამართალდამცავ უწყებას მიმართეს, თანამშრომლებს კი უფლებამოსილება შეუჩერეს.

სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ თაღლითურ სქემაში სხვა პირებიც იყვნენ ჩართული. გამოძიება მათ გამოსავლენად ამ დრომდე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ავტორი: დავით ცაგარელი, ალეკო ლეჟავა 

 

 

დღის ამბები