დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის, მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ.
ზაზა მურჯიკნელს ბრალი გუშინ წარედგინა. გამოძიება მას სისხლის სამართლოს კოდექსის სამი მუხლით ედავება. დაკავებული ბრალს არც ერთ ნაწილში არ აღიარებს.
"სამწუხაროდ, სახელმწიფო ბრალდებამ შეგვიზღუდა დეტალებზე საუბარი და დაცვის მხარეს გაუთქმელობის ხელწერილი დაგვადებინა, ამიტომ შინაარსს ვერაფერს გეტყვით. ზოგადად კი გეტყვით, რომ საქმეში არ არის მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნება დაკავებული პირის ბრალეულობისთვის,"- აცხადებს ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი სულხან კომახიძე.
დღევანდელ სასამართლო პროცესს თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი არ დაესწრება, თუმცა ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, გუგეშაშვილი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მზად არის სასამართლოს ჩვენება ნებისმიერ დროს მისცეს.
"ორი წლის განმავლობაში კავშირი გვქონდა გამოძიებასთან. დღეს აქ იმიტომ ვართ, ვნახოთ ბრალდებული, გავეცნობით რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას. ფაქტია, რომ განზრახვა იყო წინასწარი, რადგან იარაღით მივიდა სახლში, ჯერ ქალბატონ დოდოს ესროლა, შემდეგ კი მის შვილს. უამრავი ვერსია წარმოიშვა, არც ერთის გამორიცხვა შეიძლება და არც დაბეჯითებით თქმა ამ ეტაპზე," - განაცხადა "კურიერთან" დოდო გუგეშაშვილმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად 24 იანვარს, თავდასხმიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოაცხადა.