25 აპრილი 2024,   22:12
ვრცლად
ბოლო მონაცემებით თურქეთში სტიქიას 35 ადამიანი ემსხვერპლა - სამაშველო ოპერაცია უკვე 43 საათია მიმდინარეობს

თურქეთში, სტიქიის ეპიცენტრში, სამაშველო ოპერაცია უკვე 43 საათია მიმდინარეობს. მთავრობამ ადგილზე სამაშველო სამსახურის დამატებითი ძალები გაგზავნა. სამძებრო სამუშაოებში 4000-ზე მეტი მაშველი, სპეციალური ტექნიკა და ვერტმფრენებია ჩართული. თურქეთის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს სტიქიის ზონაში არ დაბრუნდნენ, რადგან შესაძლოა ძლიერი ბიძგები ისევ განმეორდეს.

სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო ოპერაციას თვალს დაზარალებულთა ოჯახის წევრები სპეციალურად მოწყობილი ჯებირების მიღმა ადევნებენ. მაშველები კი დანგრეულ შენობებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.

სტიქიური უბედურების ეპიცენტრში პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის პარტიის წარმომადგენელები ჩავიდნენ. თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე, ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია და პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა თურქეთის პრეზიდენტმა. საგანგებო პრესკონფერენციაზე რეჯეფ ტაიფ ერდოღანი სტიქიის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს დახმარებას დაჰპირდა.

"მიწისძვრამ უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. 1600-ზე მეტი დაშავდა. მე ვიყავი იმ ადგილებში, სადაც სამაშველო პროცედურები მიმდინარეობს. პირადად გავეცანი ვითარებას. ყველა საშუალებას ვიყენებთ იმისათვის, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ. ბევრი ადამიანი ზამთრის პირობებში საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მწუხარება მომხდარის გამო და მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს," - განაცხადა ერდოღანმა.

უკვე დადასტურებულია, რომ სტიქიას 35 ადამიანი ემსხვერპლა. დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სტიქიური უბედურების ზონაში ძლიერი ბიძგები მთელი ღამის განმავლობაში იგრძნობოდა. თურქეთის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ჯამში 500-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. დაზარალებულების ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა, ნაწილი კი თავშესაფრებში გადაიყვანეს.

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრე თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში პარასკევს საღამოს მოხდა. რასაც მალევე მოყვა განმეორებითი ბიძგები და შენობების ნგრევა. მიწისძვრის ეპიცენტრი ელაზიღის პროვინცია იყო, რომელიც დედაქალაქ ანკარადან 550 კილომეტრში მდებარეობს. სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებით მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც, კვიპროსზე, სირიასა და ირანში.

დღის ამბები