19 თებერვალი 2020,   12:45
ვრცლად
მკაცრი ტონი, არასაჭირო ემოციები - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებზე კვლევა ჩატარდა

სისტემური პრობლემები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში - მნიშვნელოვან ხარვეზებზე ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაშია საუბარი.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში არასრულწლოვნების პოლიციაში გამოკითხვისას არაერთი უხეში დარღვევა გამოვლინდა. ასევე გამოიკვეთა გამომძიებლების არაპროფესიონალიზმი.

ფსიქოლოგების განცხადებით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა იმისა თუ როგორ დაამყარონ ურთიერთობა მოზარდებთან. გამომძიებლები გამოკითხვისას გამოხატავენ არასაჭირო ემოციებს, სიბრალულს, აქვთ მკაცრი ტონი, იყენებენ მიმართულების მიმცემ შეკითხვებს. 

კვლევის მიხედვით, ბავშვების გამოკითხვა ძირითადად პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს, საერთო სივრცეში, სადაც ერთდროულად რამდენიმე გამომძიებელი მუშაობს. ზოგიერთ შემთხვევაში ფსიქოლოგებს ბავშვთან წინასწარ გასაუბრების შესაძლებლობაც არ აქვთ, არ არის განსაზღვრული დაკითხვის დროს ფსიქოლოგის ფუნქციები, რომელთაც არ აქვთ შესაბამისი სპეციალიზაცია.

ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები სისტემური პრობლემების მოგვარების გზებს ეძებენ. მათი თქმით, არსებული კანონმდებლობა ბავშვს სათანადოდ ვერ იცავს და სისტემის პირისპირ ტოვებს. უფლებადამცველები ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავენ, არასრულწლოვნის მოწმის სახით დაკითხვისას ადვოკატის დასწრება სავალდებულო გახდეს და კანონმდებლობაში ჩაიწეროს.

ბავშვზე ორიენტირებულ სისტემაზე საუბრობენ UNICEF-ში. გაეროს ბავშვთა ფონდში ამბობენ, რომ მოწმე ან დაზარალებული არასრულწლოვნები ცალკე სივრცეში უნდა დაიკითხონ და ვიდეო და აუდიოჩაწერა განხორციელდეს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში რომ პრობლემებია, მმართველ გუნდშიც აღიარებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ბავშვთა უფლებათა კოდექსზე მუშაობა ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაიწყო. სოფო კილაძის თქმით, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც 5 თვეში უნდა ამოქმედდეს, მდგომარეობა გაუმჯობესდება.

სოფო კილაძის მოსაზრებით, მიდგომა კომპლექსურად შეიცვლება და კადრები გადამზადდებიან. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მოზარდის მოწმის სტატუსით დაკითხვისას ადვოკატის დასწრება სავალდებულო უნდა გახდეს, იუსტიციის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარადგენს.

ხელისუფლება რადიკალურ ცვლილებებზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც "მწვანე სკოლის" კედლების მოხატვაში დადანაშაულებულმა მოზარდმა ლუკა სირაძემ პოლიციაში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პრემიერმა უწყებათაშორისი საბჭო შექმნა, რომელიც ახალ სამოქმედო გეგმაზე და სისტემურ ცვლილებებზე მუშაობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამინისტროები საკითხის გადასაჭრელად სამოქმედო გეგმის დასახვას იწყებენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო 2017 წელსაც, როცა ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მოზარდების პრობლემებზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ბევრი მტკივნეული საკითხი ჯერ ისევ გადასაჭრელი რჩება.

დღის ამბები