ღია ცის ქვეშ გათენებული კიდევ ერთი ღამე - საქართველოდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში მდებარე სტიქიის ზონაში შეშინებული და დაზარალებული მოსახლოების ნაწილი კვლავ ქუჩებში რჩება. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, ტერიტორიაზე 4 მასშტაბური თავშესაფარია გახსნილი.
სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა, დაშავდა 1600-ზე მეტი ადამიანი. პარასკევის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 500-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.
სტიქიის ეპიცენტრში უკვე მესამე დღეა მუშაობს "კურიერის" გადამღები ჯგუფი.
"მეზობლებთან ერთად ამ თავშესაფარში მოვედით, გათბობა და მედიკამენტები გვაქვს. საკვებიც, ადამიანები ცდილობენ ჩვენ დახმარებას. ყველა ზრუნავს და ცდილობს, ყველა საჭირო პირობა შეგვიქმნას. მათ, ვინც გარეთ ღამეს ათენებს, გაუშალეს კარავი და ცხელი ჩაით უმასპინძლდებიან," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.