20 აპრილი 2024,   16:23
ვრცლად
საკრებულოსთან ხაბეიშვილის ცემაში მონაწილეების დასჯის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ობიექტური გამოძიების მოთხოვნით საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ საკრებულოს იმ დეპუტატებმა, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემაში მიიღეს მონაწილეობა, დეპუტატის მანდატი დატოვონ. საუბარია საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებზე - ავთანდილ ცინცაძეზე, ალექსანდრე ხუჯაძესა და თარაშ შურღაიაზე.

საკრებულოსთან სამოქალაქო მოძრაობა "გაბედესა" და "შეცვალეს" წევრებიც არიან მობილიზებულნი, რომლებმაც შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. 

საკრებულოს შენობასთან იმყოფებოდა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილიც, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა შენობაში არც ის შეუშვეს. 

"პასუხი არ აქვთ შეკითხვაზე, რატომ არ მიშვებენ. თქვენ როგორც იცით, პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ შენობაში შევიდეს. მე მსურს შევიდე მხოლოდ მე, შევხვდე ტყემალაძეს და ვესაუბრო მას, თუ რას აპირებს "ქართული ოცნება", როგორ აპირებს რეაგირებას ძალადობის ფაქტზე, რომელიც აქ შედგა. მაგრამ ჩარაზეს შენობა და პარლამენტის წევრსაც კი არ უშვებენ, ყოველგვარი კანონის დარღვევით, ეს არის გაუქმებული სახელმწიფო და გაუქმებული კანონი ქვეყანაში, რასაც დღეს ჩვენ აქ ვხედავთ,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საკრებულოს ყველა შესასვლელი ჩაკეტილია, მათ შორის მთავარი შესასვლელიც და შენობაში შესვლის შესაძლებლობა არც ჟურნალისტებს ეძლევათ.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს.  ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

დღის ამბები