23 აპრილი 2024,   14:10
ვრცლად
მოხსნიან თუ არა ნიკა მელიას ელექტრონულ სამაჯურს - მელიას სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 20 ივნისის საქმეზე რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ირღვევა თუ არა ნიკა მელიას უფლება ელექტრონული სამაჯურის ტარებით - სავარაუდო უფლებების შელახვაზე სახალხო დამცველი საუბრობს.

ნინო ლომჯარიას მოსაზრებაზე დაყრდნობით კი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა. ამ შუამდგომლობაზე პროკურატურის პასუხი ცნობილი დღეს უნდა გახდეს.

როგორც ნიკა მელიას უფლებადამცველმა განაცხადა,  სახალხო დამცველის, მოსამართლის მეგობრის რჩევა, რომელიც სასამართლოს გადმოეგზავნა, დღეს იქნება განხილული და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება მოეხსნება თუ არა, ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური.

ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მათი სარჩელი დასაშვებად სცნო, რაც გულისხმობს ნიკა მელიას მიმართ არასაკადრისი სანქციების გამოყენებას. ადვოკატის თქმით, შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი აღუდგეს.

"საქართველოს სახალხო დამცველმა ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და მიმართა რეკომენდაციით სასამართლოს, რომ გაუქმდეს ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული ანტიკონსტიტუციური შემზღუდავი ღონისძიებები, რომლითაც ფაქტობრივად, დაადასტურა თავის პოზიციაში სახალხო დამცველმა, რომ სახეზე არის მინიმუმ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მოგეხსენებათ, წინა სასამართლო პროცესზე პროკურატურამ მოითხოვა ვადა, რომ გაცნობოდნენ აღნიშნულ დოკუმენტს და თავიანთ პოზიციებს წარადგენენ დღეს," - აცხადებს გიორგი კონდახიშვილი.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ არის ლეგიტიმური. შესაბამისად, პროკურატურას ნიკა მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთება დაუშვებლად არ მიაჩნია.

"სახალხო დამცველის, ანუ სასამართლოს მეგობრის პოზიცია წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. პროცესში განსაზღვრულია ვადები რა ვადაშიც უნდა იქნეს წარმოდგენილი სასამართლოს მეგობრის პოზიცია. აქედან გამომდინარე ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ ეს დოკუმენტი არ იქნეს დართული სისხლის სამართლის საქმეზე და რაც შეეხება ელექტრონულ სამაჯურს, ბრალდების მხარის პოზიცია ზოგადად ნიკა მელიას მიმართ გამოსაყენებელი აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით იყო ის, რომ მის მიმართ უნდა გამოყენებულიყო პატიმრობა. ეს მოთხოვნა იყო ჩვენი, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. სასამართლომ არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და მეორე შემთხვევაში საჩივარი არ დააკმაყოფილა," - განაცხადა პროკურორმა დავით ნეფარიძემ.

სასამართლო დღეს სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელებს, აგრეთვე გამოიკითხება ბრალდების მხარის მოწმე სოსო ჯავაშვილი, რომელიც 20 ივნისის საქმეში თავად არის ბრალდებული.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აუკრძალეს. 

დღის ამბები