20 აპრილი 2024,   00:39
ვრცლად
მგზავრებს საქართველოს აეროპორტებში სპეციალური აღჭურვილობით და დისტანციური თერმომეტრით ამოწმებენ

საქართველოს აეროპორტები კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში საგანგებო ვითარებაში აგრძელებენ მუშაობას, რაც ჩინეთიდან მომავალი და ჩინეთში მიმავალი მგზავრების თერმულ შემოწმებას და ასევე, საინფორმაციო ბლანკების შევსებას გულისხმობს. მსგავსი ვითარებაა როგორც თბილისის, ასევე ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში.

ექიმების ინფორმაციით, მგზავრებზე დაკვირვება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, მათ სპეციალური აღჭურვილობით და დისტანციური თერმომეტრით ამოწმებენ. საეჭვო სიმპტომების ქონის შემთხვევაში კი შესაბამის რეკომენდაციას აძლევენ. 

ქართველი ექიმები განმარტავენ, თუ რა პათოგენია ე.წ. ჩინური ვირუსი. ეს არის კორონავირუსი, რომელმაც მუტაცია სწრაფად განიცადა და ამ დროისთვის ის უკვე ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. 

ქართველი ექიმები აცხადებენ, რომ კორონავირუსის მკურნალობა შესაძლებელია დროულად, თუმცა ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ისინი ამბობენ, რომ კორონავირუსი, ამ დროისთვის, საქართველოსთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

"მთავარია, არ ავყვეთ პანიკას, დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, არ უნდა ველოდოთ კორონავირუსის გავრცელებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყურადღება უნდა მოვადუნოთ. რა თქმა უნდა, ქვეყანამ უნდა განახორციელოს ის პრევენციული მოქმედებები, რასაც ახორციელებს - აეროპორტში იქნება ეს თუ კლინიკებში, მასობრივი თავშეყრის დაწესებულებებში," - განაცხადა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა თემურ მიქელაძემ.

დღის ამბები