20 აპრილი 2024,   06:27
ვრცლად
"საზოგადოებამ თავად ნახა პირდაპირ ეთერში როგორ სვავებივით, ლაჩრულად დამესხნენ თავს" - ლევან ხაბეიშვილი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი პოლიციის განყოფილებაში უკვე მეორედ დაიბარეს.

სამართალდამცველებს ლევან ხაბეიშვილთან კითხვები ამჯერადაც 24 იანვარს, საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე ექნებათ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს პოლიციამ განყოფილებაში მეორედ მისვლა მას შემდეგ სთხოვა, რაც ინციდენტთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრები დაიკითხნენ.

ლევან ხაბეიშვილი დაზარალებულად ცნობას ითხოვს. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან და მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.

"მე მეორედ მომიყვანეს. 2-3 დღე გავიდა, რეაგირება არ აქვთ. გულწრფელად მეფიქრება და არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოო ჯამში კინგბოქსიორებისა და მოჭიდავეების, კოლექტიური ოლეგა იაძეების ცემა აქეთ დამაბრალონ.

ახლა ის კი უნდა გამოირკვეს, სახელმწიფო გვაქვს, არ გვაქვს, საერთოდ ვინ არიან ეს ხალხი და რას აკეთებენ. სხვა ამ საქმეში გასარკვევი არაფერი არ არის. საზოგადოებამ თავად ნახა პირდაპირ ეთერში როგორ სვავებივით, ლაჩრულად  დამესხნენ თავს," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

დღის ამბები