19 აპრილი 2024,   16:53
ვრცლად
აგრესიულები არიან.. არ გვინდოდა ღონისძიება ჩაეშალათ - მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ნიკოლოზ ჭონქაძის ინფორმაციით, სწორედ ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებაა მიზეზი, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დღეს შენობაში არ შეუშვეს. 

"ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება მიმდინარეობს. ისრაელის საელჩოა ორგანიზატორი და იკრიბებიან ძალიან მაღალი თანამდებობის პირები და დიპლომატები. ამ ადამიანების არშემოშვების მიზანი და მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის პრევენცია, რომ არ მომხდარიყო ამ შეხვედრის ჩაშლა. ამიტომაც, არ ვუშვებთ ამ ადამიანებს შიგნით. ატყობთ გარეთ რა სიტუაციაც არის. ძალიან აგრესიულები არიან, შესაბამისად, პრევენციის მიზნით, მათ ვერ შევუშვებთ, სანამ ეს ღონისძიება მიმდინარეობს,"- განაცხადა ნიკოლოზ ჭონქაძემ.

საკრებულოს შენობაში, სადაც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა, ღონისძიების დაწყებამდე საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლილე ლიპარტელიანმა გამოფინა ბანერი წარწერით "არა ძალადობას." ლიპარტელიანის თქმით, ამ ჟესტით ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა დაგმო. 

"დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა იცოდეს, რომ აი ასეთ ფაქტს ჰქონდა 24 იანვარს, 21-ე საუკუნეში ადგილი, რომ ლაჩრულად, გიენებივით დაესივნენ ლევან ხაბეიშვილს და გაუსწორდნენ ფიზიკურად აი, ამ შენობაში, ზუსტად აღნიშნავენ ძალადობის მსხვერპლთა დღეს,"- განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, რომ დილიდან თბილისის საკრებულოს შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რის საშუალებასაც საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. შეკრებილები ითხოვდნენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში მონაწილე პირები უმრავლესობიდან გარიცხოს.

24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს.  ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები