20 აპრილი 2024,   10:46
ვრცლად
"კორონავირუსის პრევენციისთვის ყველანაირი ღონისძიება გატარდა"- ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ყველანაირი პრევენციული ღონისძიება გატარდა. ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა ჩინეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

"ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით. ასევე, ჩვენ გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია ყველა ავიახაზიდან, რომლებიც საქართველოში ახორციელებს ფრენას, თუ რომელი მგზავრი რომელი ლოკაციიდან იწყებს ფრენას.  შესაბამისად, ყველა პრევენციული ღონისძიება, რომელიც დღემდე საჭირო იყო გაგვეტარებინა, გატარდა. ამ ეტაპისთვის, ვაჭრობის კუთხით შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან გავრცელდა. ამ დროისთვის, დაავადებამ უკვე 81 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულია 3 ათასზე მეტი ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ახალმა ვირუსმა მსოფლიოს უკვე 10 ქვეყანაში შეაღწია.

დღის ამბები