19 აპრილი 2024,   12:39
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკა მელიას უკანონო შემზღუდავი ღონისძიებები მოეხსნება - ადვოკატი

ნიკა მელიას საქმეს, მოსამართლემ სახალხო დამცველის მოსაზრებები დაურთო, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, მოეხსნება თუ არა "ნაციონალური მოძრობის" წევრს ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება. ეს შუამდგომლობა პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა.

ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ნიკა მელიას შეზღუდვები მოეხსნება.

"მას შემდეგ, რაც იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ნიკა მელიას მოეხსნება ის უკანონო შემზღუდავი ღონისძიებები, რაც დღესდღეობით ზღუდავს როგორც მისი გამოხატვის თავისუფლებას, ასევე სხვა უფლებებს," - აცხადებს ადვოკატი.

როგორც საქმის პროკურორმა დავით ნეფარიძემ აღნიშნა, 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან შეხლა-შემოხლა ნიკა მელიას განცხადების შემდეგ დაიწყო. პროკურორის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარდგენილი საჩივარი ფაქტობრივ გარემოებებს არ შეეხება.

"მოწმემ განმარტა, რომ დაძაბულობა, შეხლა-შემოხლა პარლამენტის წინ მდგარ პოლიციელებთან დაიწყო იმ განცხადების შემდგომ რამდენიმე წუთში, რაც ნიკანორ მელიამ გააკეთა. მოწმემაც განმარტა, რომ მისი წარმოდგენით იქ შეუძლებელი იყო პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შესვლა. როგორც კი ეს განცხადება გააკეთა ნიკანორ მელიამ, ამ მოწოდებისთანავე რამდენიმე წუთში, 3-5 წუთშიო ასე განაცხადა მოწმემ, დაიწყო მასიური შეტევა პარლამენტის შენობის წინ მდგარ პოლიციელებზე.

ის საჩივარი, რაც წარდგენილი აქვს დაცვის მხარეს საკონსტიტუციო სასამართლოში, ფაქტობრივ გარემოებებს არ შეეხება. დაცვის მხარე იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც ნიკანორ მელიას პარლამენტმა შეუწყვიტა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და არანაირ კავშირში არ არის ჩვენს მიერ განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან," - განაცხადა პროკურორმა დავით ნეფარიძემ.

ნიკა მელიას 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. მას 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთებაც აეკრძალა.

დღის ამბები