საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავების დროს გამოვლენილ ხარვეზებს, სასამართლოში საქმეების განხილვის პრაქტიკას და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს განიხილავს დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "კონსტიტუციური კვლევების ცენტრი".
მესამე სექტორში კანონმდებლობის ხარვეზებსა და მისი დახვეწის გზებზე საუბრობენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერის გიორგი გვილავას თქმით, არსებული მდგომარეობის შესაცვლელად აუცილებელია პოლიტიკური ნებისა და კოდექსის ცვლილება.
"ეს არის იარაღი ხელისუფლების ხელში, რომელიც მიმართულია ასეთი ღონისძიებების და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, ზოგადად შეკრების შეზღუდვისთვის დიდი ხანია ეს გამოიყენება. ყველა მეთოდი პრინციპში ცნობილია. სპეციალურად გვაქვს ისეთი კანონი, რომელიც არ ვარგა, რომელიც არანაირ გარანტიებს არ იძლევა და ამ კანონს ყველა ხელისუფლება იყენებს.
ორი მიმართულებაა იმისთვის, რომ დღეს არსებული მდგომარეობა შეიცვალოს: ერთი, აუცილებელია პოლიტიკური ნების ცვლილება და მეორე, იმ კოდექსის ცვლილება, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს არის მიღებული და დღემდე მოქმედებს," - აცხადებს გიორგი გვილავა.