25 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე საქართველო ისევ დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა

კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას მოგზაურთა სკრინინგის პროცესში ჩართული ყველა პასუხისმგებელი პირი ესწრებოდა.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა პრევენციული ღონისძიებების პროტოკოლის დახვეწასა და გაფართოებაზე.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 106-ს მიაღწია. ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა უკვე გერმანიაშიც.

"შევხვდით ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართული იყვნენ აეროპორტებში მოგზაურთა სკრინინგის პროცესში. მიმდინარეობს მუშაობა სკრინინგის პროტოკოლის დახვეწაზე და გაფართოებაზე. დღეისთვის სკრინინგის პროტოკოლი მიმართულია ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეებისკენ," – აცხადებს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის თქმით, საქართველოში კვლავაც არ დაფიქსირებულა კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა და საქართველო ისევ დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნების სიაში რჩება.

"გაიმართა საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. ვიმსჯელეთ პრევენციულ ღონისძიებასთან დაკავშირებით. საქართველო რჩება ისევ დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნების სიაში. შესაბამისად დღეის მდგომარეობით საქართველოში არ დაფიქსირებულა არც ერთი კორონავირუსის შემთხვევა. სამინისტროს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს ჯანდაცვის ორგანიზაციებთან, რომლებიც მუდმივად გვიახლებენ თავის რეკომენდაციებს," - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

დღის ამბები