20 აპრილი 2024,   08:20
ვრცლად
გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენის პროცესი და ოპოზიციის ბოიკოტი

საპროკურორო საბჭოში დღეს, გენერალური პროკურორობის კანდიდატებს რაულ გამისონიას და მერაბ გამყრელიძეს მოუსმენენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს, მთავარი კითხვები კი, სამომავლო გეგმებსა და სამუშაო გამოცდილებას შეეხება. ოხანაშვილის თქმით, ირაკლი შოთაძის გარდა, სხვა ღირსეული კანდიდატებიც არსებობენ. 

"ვეცნობით მათ ხედვებს, ვსვამთ შეკითხვებს, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თითოეულ მათგანზე წარმოდგენა შევიქმნათ. ირაკლი შოთაძე ძალიან ღირსეული კანდიდატია. ვიცნობ კიდევ რამდენიმე კანდიდატს, რომლებიც ამ საკითხში კვალიფიციურები არიან და საკმაოდ საინტერესო გამოცდილება აქვთ. დაველოდოთ ამ პროცესების დასრულებას," - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

პროცესს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიცია.

"ეს ფარსი, რომელიც ახლა იდგმება, ბუნებრივია ისევ შოთაძის პროკურორობისთვის არის. სწორედ ამიტომ არ ვმონაწილეობთ ამ პროცესებში. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შევეცდებით საზოგადოებას დავანახოთ, რომ ეს ყველაფერი ფარსია და პროცესი ბიძინა ივანიშვილს მიჰყავს იქამდე, რომ პროკურორად შოთაძე გაამწესოს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

დღის ამბები