24 აპრილი 2024,   09:12
ვრცლად
ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა "გირჩის" ოფისში - ლიდერებმა ხელისუფლების შეცვლაზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს

პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" ინიციატივით, პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მათი განცხადებით, მთავარი თემა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სამომავლო გეგმები იყო.

ოპოზიციის შეფასებით, პარტიების განსხვავებული მიმართულების მიუხედავად, არ ყოფილა საკითხი, რაზეც კონსენსუსი ვერ შედგა.

"ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ უნდა წარვმართოთ სამუშაო პროცესი. როგორ შევცვალოთ სასამართლო სისტემა, პროკურატურა, შს სამინისტრო და სუსი მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება. არ ყოფილა საკითხი, რომელზეც კონსესუსი ვერ შედგა," - განაცხადა "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

გიგა ბოკერიას თქმით კი, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზებია. 

"საზოგადოების დაკვეთაა ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, ივანიშვილის ჩამოცილების შემდეგ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ ქვეყანა მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ.

თუ რამე უნდა გამოვყოთ მნიშვნელოვანი თემებიდან, ეს გახლავთ მართლმსაჯულების სისტემა. ეს ის საკითხია, რომელიც ვერ გადაიჭრა ფუნდამენტურად და მეტიც, კიდევ უფრო დამძიმდა," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ. 

"სამოქალაქო მოძრაობის" წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, შეხვედრა იმასაც ემსახურებოდა, რომ ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანები აღარ იყვნენ. 

"როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში აღარ იქნება, მაშინ რა უნდა ვქნათ, როგორი ქვეყანა გვინდა ამის შემდეგ მივიღოთ. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი შეკრება. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანები ვეღარ იქნებიან," - განაცხადა "სამოქალაქო მოძრაობის" წევრმა ლევან იოსელიანმა. 

 

დღის ამბები