24 აპრილი 2024,   18:46
ვრცლად
ერთადერთი ინსტრუმენტი ოკუპაციაზე საპასუხოდ მუდმივი საუბარი და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებაა - ზალკანიანი ევროსაბჭოში

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა. საგარეო საქმეთა მინისტრმა საბჭოს წევრებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული ვითარებაა გააცნო და რუსეთის უკანონო ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმო.

"თითოეულ გადაუწყვეტელ კონფლიქტს თავისი მახასიათებლები და პოლიტიკური გამოსავალი აქვს. გვჯერა, რომ ეს გამოსავალი საერთაშორისოდ შეთანხმებული ფორმატის ფარგლებში უნდა მოიძებნოს. მნიშვნელოვანია წევრმა სახელმწიფოებმა ერთად იმუშაონ შერიგებისა და კონფლიქტების მოგვარებისთვის. 

ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გრძელდება მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების მონტაჟი. ასევე, მინდა გავიხსენო გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევა, როდესაც ექიმი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან პაციენტს სტუმრობდა დააკავეს, რაც შემაძრწუნებელი ფაქტი იყო. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციაა, რასაც თქვენი დახმარებით, სხვადასხვა ინსტრუმენტისა და ჩარჩოს გამოყენებით მუდმივად ვაკეთებთ. ეს უნდა გავაგრძელოთ, უნდა გავზარდოთ ზეწოლა იმ ძალაზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლს ახორციელებს. 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელთანაც ყოველდღიურად გვიწევს გამკლავება. ბოლო მაგალითია, ცხინვალი, ახალგორის რაიონი, სადაც კიდევ ერთხელ დაირღვა საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპები, გადაადგილების თავისუფლება. ამ გამოწვევას ვაწყდებით ორივე ოკუპირებულ რეგიონში, სადაც ეთნიკურ ქართველებს აიძულებენ უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე. მათ არ აქვთ საშუალება მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, მიიღონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, არ აქვთ წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებთან და ეს ხდება ოცდამეერთე საუკუნეში, რაც მიუღებელია.

ეს უნდა განიხილონ ყველა საერთაშორისო ფორმატში. ერთადერთი ინსტრუმენტი ამაზე საპასუხოდ არის მუდმივი საუბარი აღნიშნულ საკითხზე და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა.

არ უნდა დავხუჭოთ თვალი ამ არალეგალურ აქტივობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას, რუსეთის ფედერაციას, რათა მან გააგრძელოს ეს უკანონო ქმედებები," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები