თურქეთში მიწისქვეშა ბიძგები ისევ იგრძნობა.
დღეს დილით მიწისძვრა ელიაზიგსა და გაზიანტებში დაფიქსირდა. 3,4 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები იყო იზმირში გვიან ღამითაც. ადგილზე სხვადასხვა სამსახურის თანამშრომელი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. გრძელდება იმ შენობების დემონტაჟი, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია.
პარალელურად დახმარების მოლოდინშია დაზარალებული მოსახლეობა, რომელიც ამ დრომდე ღამეს თავშესაფარში ათენებს. გათიშულია ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
ადგილობრივები სტიქიის ზონაში მიწისძვრის შემდეგ არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ.
"მიწისძვრის დროს მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად, სურსურის დასახლებაში ვიმყოფებოდი. მოვახერხეთ შენობიდან გამოსვლა, მაგრამ ემოციურად რთულია ამ ყველაფრის გახსენება. არ ვიცოდით გადავრჩებოდით თუ არა. ახლა ქუჩაში ვდგავართ და ვუყურებთ, როგორ არის მიწასთან გასწორებული ჩვენი ერთადერთი საცხოვრებელი. მთავრობა დახმარებას დაგვპირდა, ჩვენ მათი იმედი გვაქვს," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
დაშავებული მოსახლეობა, რომელთა რიცხვი 1600-ს აჭარბებს, პროვინციის სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათგან 15-მდე ადამიანის ჯანრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
"სტიქიამ ჩვენი მეზობლები იმსხვერპლა, მათი ცხედრები უკვე აღმოაჩინეს. დაღუპულებს შორის ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც პირველ სართულზე ცხოვრობდნენ. დაშავდა უამრავი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობენ" - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.