25 აპრილი 2024,   05:06
ვრცლად
უზენაესმა სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმის განხილვა დაასრულა - გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

უზენაესმა სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმის განხილვა დაასრულა. უმაღლესი ინსტანციის გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

იმ ფონზე, როცა სააპელაციო სასამართლომ ორივე ბრალდებულს გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძეს საასჯელი დაუმძიმა, რაც თავისუფლების აღკვეთით 11 წლისა და 3 თვის ვადით განისაზღვრა, შესაძლოა გიორგი ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.

"ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობა უკვე წარადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ სასამართლო იმსჯელებს და საბოლოო ჯამში მიიღებს ობიექტურ და დასაბუთებულ პოზიციას. ბრალდებულმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა,  თუმცა კონკრეტულად რაზეა საუბარი ამას მე ვერ გეტყვით," - განაცხადა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ.

გამოძიებას უნიათოს უწოდებს მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა. 

"დღევანდელი დღე ქართული სასამართლოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია. ერთდროულად საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და საქალაქო სასამართლოში, ფატალური შედეგის გამომწვევ მოქმედებაზე ორი ადამიანის განსჯა მიმდინარეობს. სიტუაცია სრულიად არაორდინალურია, რაც გამოწვეულია უნიათო გამოძიების შედეგად," - განაცხადა კალანდიას უფლებადამცველმა ზურაბ თოდუამ. 

მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორის განცხადებით კი, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იმის დადგენა, თუ რომელი იარაღით არის ჭრილობა მიყენებული შეუძლებელია. 

"დავით სარალიძეს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ზუსტად არ არის გადაწყვეტილი თუ რომელი იარაღით რომელი ჭრილობაა აქვს მიყენებული მას.

ამიტომ, ბრალდების დადგენილებაში მე-11 ჭრილობაზე საუბარი არ არის. თუმცა ჩვენ მისთვის ბრალად წარდგენილი გვაქვს ჯგუფური მკვლელობა," - განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.

მოსამართლეთა კოლეგია სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების შესახებ მსჯელობდა. რომლის მიხედვითაც ცვლილებებია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში და დადგენილია, რომ არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინეს ჯგუფურად გიორგი ჯანაშიამ და სხვა დაუდგენელმა პირმა ან პირებმა. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ ბარბაქაძეს, მის მიმართ კვალიფიკაციის ნაწილი უცვლელია. მას ლევან დადუნაშვილის მკვლელობა ბრალდება.

დღის ამბები