20 აპრილი 2024,   01:12
ვრცლად
გვჭირდება მხარდაჭერა, მთავარი ამოცანა დეოკუპაციაა - ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

​საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგში სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჰენდრიკ დემსისთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გააკეთეს და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"მას შემდეგ, რაც საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ვიმედოვნებ, რომ პროდუქტიული იქნება ორ საკითხზე მუშაობა, ეს არის ევროსაბჭოს ძირითადი ღირებულებების პატივისცემა, რაც შეეხება მეორე საკითხს - რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველო არის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე. ერთ-ერთი პრიორიტეტია კავშირი გარემოსა და ადამიანის უფლებებს შორის, საიდანაც მთავარი დემოკრატიული ღირებულებების წამოწევა უნდა მოხდეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრით ურთიერთობები კიდევ გაღრმავდება," - განაცხადა ჰენდრიკ დემსიმ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან 21 წელი გავიდა, ევროპულ ოჯახში გაწევრიანება კი ქართველი ხალხისათვის ოცნების ასრულება იყო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიზიტის მთავარი თემები ოკუპაცია და საქართველოს ევროპული მომავალი იქნება. 

"დიდი პატივია, რომ საქართველო არის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, 21 წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით ამაზე. როცა საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, ის გზა, რომელსაც ჩვენ დავადექით არ შეცვლილა და ამ გზაზე სვლა არ შეგვინელებია. ჩვენ ევროპისკენ მტკიცე ნაბიჯებით მივდივართ და ვაშენებთ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს.

ამ ყველაფერს ჩვენ მივაღწიეთ თქვენი მხარდაჭერით და ზოგჯერ მცირე კრიტიკით. საქართველო ტერიტორიების ოკუპაციისა და კონფლიქტების მიუხედავად, მაინც წინ მიიწევს, აშენებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, იცავს ადამიანის უფლებებს და საზოგადოებაში დემოკრატიულ ღირებულებებს აძლიერებს.

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. თქვენ ისედაც მხარში გვიდგახართ. ამ საკითხზე არაერთი რეზოლუცია იქნა მიღებული მაგრამ ეს არ არის საკმარისი და უნდა დავინახოთ ცვლილებები. გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ვითარების შესაცვლელად, მთავარი ამოცანა დეოკუპაციაა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები