19 აპრილი 2024,   21:37
ვრცლად
არსებობს ეჭვი, რომ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება - ბოკერია პროკურატურის გადაწყვეტილებას მაჩალიკაშვილის საქმეზე უტიფარს უწოდებს

პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია "უტიფარ საქციელს" უწოდებს. 

გიგა ბოკერიას თქმით, საქმესთან დაკავშირებით უამრავი ეჭვი არსებობს, რომელიც გამოძიების შედეგად არ გაქარწყლებულა. 

"კიდევ ერთი უტიფარი საქციელია. როგორც წარმართეს მთელი ეს საქმე ამდენი ხნის განმავლობაში, ამდენი გაურკვევლობა და შემდეგ ასეთი უტიფარი, ზოგადი პასუხით, მაშინ, როდესაც საფუძვლიანი ეჭვები არსებობს. არამარტო იმიტომ, რომ დაღუპულის ოჯახი ამბობს ამას, მარტო მას კი არ უნდა ვეყრდნობოდეთ, სხვა ყველა გარემოებიდან გამომდინარე, რომ ეს ფატალური შემთხვევა იყო გამოწვეული იმით, როგორ იყო დაგეგმილი ოპერაცია და უკვე შემდეგ, უდიდესი ეჭვი არსებობს, რომ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება და გარემოების ყალბად წარმოჩენა. რა თქმა უნდა, ეს გვახსენებს იმას, რამდენი რამე გვაქვს შესაცვლელი ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ივანიშვილის ხელისუფლებას ჩამოვაცილებთ, ამის შემდეგ ჩასატარებელია ძალიან რადიკალური რეფორმა მთელი ამ მართლმსაჯულების სტრუქტურის რათა მსგავსი შესაძლებლობა არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონდეს,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება არ დადასტურდა და პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. 

პროკურატურამ არ გაიზიარა გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის არცერთი ბრალდება და დაადგინა, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით განხორციელდა გასროლა. საქმის მასალებზე დაყრდნობით გამოძიება ირწმუნება, რომ ხელყუმბარა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს, ამ პროცესს კი ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე დაადასტურა. 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები